ქუთაისში, სატრანსპორტო
მომსახურებაზე შეღავათების დაწესების მოთხოვნიდან
ერთი წლის თავზე საკრებულოში საკითხის განხილვა
ახლა იწყება.
გასული წლის იანვარში სტუდენტებმა შეღავათების
მოთხოვნით განცხადება მერიაში ხელმოწერებთან ერთად
წარადგინეს, თუმცა მაშინ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ინიციატივას ახლა ქუთაისის საკრებულოს ახალგაზრდობის
საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძე წარუდგენს.
მისივე თქმით, საშეღავათო ტარიფებით ქუთაისში რეგისტრირებული
სტუდენტების გარდა, სხვა რეგიონების სტუდენტებიც
ისარგებლებენ.
"ინციატივას თვის ბოლო ოთხშაბათს
საკრებულოს სხდომაზე წარვადგენ. ეს ეხება სტუდენტებისათვის საშეღავათო
ტარიფების უზრუნველყოფას. საჭიროა ბიუჯეტში გამოინახოს თანხები, ასევე
არსებობს კიდევ სხვა სერვისები და ყველა მიმართულება უნდა განვიხილოთ.
ეს იქნება ღია და გამჭვირვალე პროცესი. პროგრამა უნდა იყოს ყველასთვის
და ბუნებრივია, ვერ გავყოფთ სტუდენტებს ქუთაისელ და სხვა
მუნიციპალიტეტების სტუდენტებად", - განაცხადა ოთარ
ლორთქიფანიძემ.
საკრებულოს ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის
თავმჯდომარის ოთარ ლორთქიფანიძის განცხადებით, შეღავათების
დაწესებას აქამდე მუნიციპალური ტრანსპორტის არ არსებობა
აფერხებდა.
მისივე განცხადებით, საშეღავათო პროგრამა სავარადუდოდ, დაახლოებით 5
ათას სტუდენტს შეეხება, საიდანაც 4 ათასამდე ადგილობრივია.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯერ არ იციან რა თანხა
დაუჯდება ბიუჯეტს სტუდენტებისთვის სატრანსპორტო შეღავათების
დაწესება.
წერეთლის უნივერსიტეტში
10 ათასამდე სტუდენტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსტიტეტში -
246, ხოლო ქუთაისის უნივერსიტეტში 400 -მდე სტუდენტი
ირიცხება.
ავტორი: ანა ჯიქია
მასალის გამოყენების პირობები