ჭიათურაში ტენდერების დიდ ნაწილს
ინდმეწარმე შიო გაფრინდაშვილი უკონკურენტოდ იგებს.
ინფორმაციას ამის შესახებ ,,ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ბევრ კითხვის ნიშანს შეიცავს
და მის მიერ მოგებული ტენდერების უმეტესობა სარისკოდ არის მიჩნეული
ტენდერების მონიტორზე. ინდმეწარმეს 2011 წლიდან დღემდე 24 ტენდერი
უკონკურენტოდ აქვს მოგებული, რაც ჯამში 918 ათას 439 ლარს
შეადგენს.
"ჭიათურაში უკონკურენტოდ და
დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოგებული ტენდერების სახელშეკრულებო თანხა
856 956 ლარია. შიო გაფრინდაშვილის მიერ მოგებული ტენდერების ჯამური
სახელშეკრულებო თანხა 1 949 173 ლარია, სახელმწიფოსგან კი უკვე 1 794
129 ლარი მიიღო. რამდენიმე ტენდერი მიმდინარეა და თანხები სრულად არაა
გადარიცხული. უშუალოდ ჭიათურის მერიამ ინდ მეწარმესთან 1 877 956
ლარის ხელშეკრულება გააფორმა",- აცხადებენ
ორგანიზაციაში.
გარდა ამისა, შიო გაფრინდაშვილის საკუთრებაშია
კომპანია შპს „ნიუ ბილდინგი“. კომპანიამ სულ 37 ტენდერში მიიღო
მონაწილეობა, აქედან 17 შემთხვევაში ჭიათურის მერიამ მას ხელშეკრულება
გაუფორმდა.
,,17 ტენდერიდან კომპანიამ 8
კონკურენტის გარეშე მოიგო, 4 კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის
ხარჯზე. უკონკურენტო ტენდერების საერთო სახელშეკრულებო თანხა 604,394
ლარია, სხვების დისკვალიფიკაციით მოგებულის კი -214 777 ლარი. 17
ტენდერის სახელშეკრულებო თანხა 1 152 684 ლარს შეადგენს, კომპანიის
ანგარიშებზე გადარიცხული თანხა ჯერჯერობით 832 303 ლარია", -
აცხადებენ ორგანიზაციაში.
,,ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, შიო
გაფრინდაშვილსა და მის კომპანიას სახელმწიფო შესყიდვების გზით ჯამში 3
101 857 ლარი აქვს მიღებული.
ჭიათურის მერიაში არასამთვრობო ორგანიზაციის ამ
განცხადებებს ცილისწამებას უწოდებენ და აცხადებენ, რომ ნებისმიერი
სუბიექტი, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია და ტენდერი
გამოცხადებულია დღგ-ის გარეშე, გამარჯვების შემთხვევაში შემსყიდველი
ვალდებულია ხელშეკრულება გააფორმოს დღგ-ის ჩათვლით. მიკერძოებას ის
გამორიცხავს, რომ მათთვის ტენდერში მონაწილეთა ვინაობდა და რაოდენობა
უცნობია გამარჯვებულთან ხელშეკრეულების გაფორმებამდე.
,,"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონის 211-ე მუხლი ითვალისწინებს წინასწარ
ანგარიშსწორებას, რაც გამოიხატება წინასწარ გადასახდელი თანხის
(ავანსი) იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენაში, აღნიშნულიდან
გამომდინარე შემსყიდველი ორგანიზაცია არ დგება ფინანსური რისკის ქვეშ,
წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) შემთხვევაში. ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის
დეტექტორის" მიერ გავრცელებული მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია,
ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის სიცრუეში შეყვანას, აგრეთვე
მუნიციპალიტეტის მერიის პილიტიკური პირის/პირების და მუნიციპალიტეტის
მერიის საჯარო მოხელეთა დისკრედიტაციას და საქმიანი რეპუტაციის
შელახვას. მუნიციპალიტეტის მერია თავის საქმიანობაში ყოველთვის არის
საჯარო და ნებისმიერ დროს მზად არის მიიღოს საზოგადოების ნებისმიერი
ნაწილისგან სამართლიანი კრიტიკა, რომელიც ემსახურება ქვეყნის,
მუნიციპალიტეტის ან საზოგადოების უკეთესი მომავლის შექმნას და ყოვლად
მიუღებელია უკანონო და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც
ემსახურება საჯარო პირის ცილისწამებას და მუნიციპალიტეტის მერიის
მოხელეთა სახელის გატეხას და საქმიანი რეპუტაციის
შელახვას",- აცხადებენ ჭიათურის მერიაში.
მათივე განცხადებით, თუ ორგანიზაცია მსგავს
ინფორმაციას კიდევ გამოაქვეყნებს, შელახული უფლებების დასაცავად
ჭიათური მერია კანონით გათვალისწინებულ ზომებს
მიმართავს.
მასალის გამოყენების პირობები