"ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი
პარლამენტმა 83 ხმით, მესამე მოსმენით, დაამტკიცა.
კანონპროექტის ავტორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის
თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეა.
დამტკიცებული პროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და
სასჯელისაგან თავისუფლდებიან ”სისხლის სამართლის კოდექსით”
გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და
მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე
ჩაიდინეს; ასევე ის ეხება ”სისხლის სამართლის კოდექსის” 260-ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს,
რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის
სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20
წლით);
პროექტის თანახმად, ამნისტია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე
გავრცელდება, ძირითადად შეეხება ნარკოდანაშაულს, ასევე, სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა
ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების
ზოგიერთი კატეგორია. ამნისტია არ არის გათვალისწინებული ისეთი
დანაშაულებისთვის, როგორიცაა თუნდაც გაუფრთხილებლობით მკვლელობა ან
ოჯახური ძალადობა.
ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული
პირი სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ
ნასამართლობის არმქონეა, დაზარალებული თანახმაა ამნისტიის
გავრცელებაზე ან აანაზღაურა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული
ზიანი.
კანონპროექტის ავტორის, მიხეილ
სარჯველაძის ინფორმაციით, ამნისტია 1 500-ზე მეტ პატიმარს
შეეხება, ხოლო 10 ათასზე ავა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც პრობაციის
რეჟიმში შეღავათს მიიღებს.
ამნისტია უნდა აღსრულდეს კანონის ამოქმედებიდან
1 თვის ვადაში.
მასალის გამოყენების პირობები