ახალი ამბები
TDI მიტროპოლიტის მიერ ანტისემიტიზმის აღიარების შესახებ
FaceBook
დღეს, 8 იანვარს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა,
ასევე, ქუთაისი-გაენათის ეპარქიამ, გამოაქვეყნეს მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის განცხადება ეკლესიის სასულიერო პირების ანტისემიტური ქადაგებების შესახებ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დეკანოზ ილია კარკაძის 4 იანვრის ქადაგება "სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ. არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით". მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ მან დეკანოზ ილია კარკაძეს შენიშვნა გამოუცხადა და რომ დეკანოზი წუხს ნათქვამი სიტყვების გამო.

განცხადებაში თავად მიტროპოლიტ იოანეს 20 დეკემბრის ანტისემიტური ქადაგების გამო სინანული არ არის გამოთქმული და ამას სასულიერო პირი კვლავ "მის წინააღმდეგ ანტისემიტიზმის ბრალდებით აგორებულ კამპანიას" უწოდებს.

მივესალმებით მიტროპოლიტის მიერ დეკანოზ ილია კარკაძის ანტისემიტური განცხადებების კრიტიკულად შეფასებას და მივიჩნევთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადადგმული პირველი სწორი ნაბიჯია. თუმცა, ამავდროულად, ვთვლით, რომ აღნიშნული რეაგირება არასაკმარისია ეკლესიაში არსებული ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის პრობლემის დასაძლევად. სწორედ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის 20 დეკემბრის ქადაგებამ დაუდო საფუძველი ანტისემიტიზმის ახალ ტალღას, რასაც შემდეგ დეკანოზ ილია კარკაძის განცხადებები მოჰყვა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მიტროპოლიტმა იოანემ შეაფასოს საკუთარი ქადაგების პრობლემურობაც და ბოდიში მოიხადოს ანტისემიტური შინაარსის განცხადებებისთვის.

ამავდროულად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, ეკლესიის სახელით მკაფიო პოზიცია გამოხატოს მიტროპოლიტ იოანესა და დეკანოზ ილიას ანტისემიტურ განცხადებებთან დაკავშირებით და კრიტიკულად შეაფასოს ისინი.

საპატრიარქომ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა დაგმონ ანტისემიტიზმი და ებრაელებისა და უფლებადამცველების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და გაავრცელონ ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები.

* * *

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 20 დეკემბერს, ქუთაის-გაენათის ეპარქიის ეპისკოპოსმა, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ქადაგებისას ანტისემიტური შინაარსის განცხადები გააკეთა; მოგვიანებით, იოანე გამრეკელის დასაცავად წარმოთქმულ ქადაგებაში დეკანოზმა ილია კარკაძემაც გააკეთა ანტისემიტური განცხადებები.

28 დეკემბერს ამ ფაქტთან დაკავშირებით თDI-მ განცხადება გამოაქვეყნა და დაგმო საეკლესიო ანტისემიტიზმი.

საპასუხოდ, 2021 წლის პირველ იანვარს მიტროპოლიტმა იოანემ განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ TDI ცდილობს ,,შფოთი შემოიტანოს საქართველოს ეკლესიასა და ებრაელ ერს შორის საუკუნეების მანძილზე არსებულ კეთილ ურთიერთობებში".

საკითხის გარშემო მიმდინარე საჯარო დისკუსიას გამოეხმაურნენ დიპლომატები და ებრაული თემის წარმომადგენლები. შემაშფოთებელია ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას შეფასება. 29 დეკემბერს ელჩმა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ქადაგების ანტისემიტიზმად შეფასება არის სასულიერო პირისა და ეკლესიის მიმართ ცილისწამება.

4 იანვარს საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა საგანგებო ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეპისკოპოსის ქადაგება ,,სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით შემაშფოთებელია".

3 იანვარს იოანე-გამრეკელის ქადაგებას გამოეხმაურა ებრაული ორგანიზაცია "ისრაელის სახლი" და მიტროპოლიტის ქადაგება ,,ანტისემიტიზმის გამოვლინებად, შუღლის გაღვივებისა და ზოგიერთი რადიკალური ჯგუფის წახალისების" მცდელობად შეაფასა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.