როდის მიაღწევს ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტის სტუდენტების რაოდენობა დაანონსებულ 60 000-ს, ამაზე
ფონდი "ქართუს" პროექტების ხელმძღვანელი, ვახტანგ ცაგარელი ამბობს,
რომ ამის თქმა რთულია.
ცაგარელი უნივერსიტეტის განაშენიანების
პროექტის ცვლილების განხილვასთან დაკავშირებით ქუთაისში
იმყოფებოდა. იგი საკრებულოს წლის ბოლო სხდომასაც დაესწრო, სადაც
დეპუტატებმა აღნიშნულ პროექტის ცვლილება დაამტკიცეს. ვახტანგ
ცაგარელის თქმით, დაანონსებული 60 000 არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში
ერთდროულად ამდენი სტუდენტი ისწავლის.
"ძალიან რთული სათქმელია. ეს არის
ძალიან დიდი პროექტი თავისი მნიშვნელობით. სავარაუდოდ, პროექტის
განვითარება დასრულდება 7-10 წელიწადში. 60 000 სტუდენტი ეს არის
ჯამური ინფრასტრუქტურული ტევადობა და არ ნიშნავს, იმას, რომ რომელიმე
მომენტში ერთდროულად 60 000 სტუდენტი იჯდება მერხთან",-
განაცხადა ვახტანგ ცაგარელმა.
მისი თქმით, უნივერსიტეტში 2023 წლიდან
ამუშავდება ადონური თერაპიის ცენტრი. ასევე გაიზრდება სპეციალობების
რაოდენობაც.
ქუთაისის
საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი წელს მიიღო.
პირველ სასწავლო წელს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ 245
სტუდენტი ჩაირიცხა. უნივერისტეტში სწავლა ჯერჯერობით სამ ფაკულტეტზეა
შესაძლებელი. ვახტანგ ცაგარელის თქმით, უნივერსიტეტის ჯამური ბიუჯეტი
ერთ მილიარდ ევრომდეა.
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა 2016 წელს
დაანონსდა. დაპირების მიხედვით, სასწავლებელი 60 000 სტუდენტზე
იქნებოდა გათვლილი. უნივერისტეტს სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს
უნდა მიეღო. მოგვიანებით, სამშენებლო პროცსის ვადამ 2020
წლისთვის გადიწია, პირველივე სასწავლო წელს კი უნივერსიტეტმა მხოლოდ
246 სტუდენტის მიღება შეძლო.
მასალის გამოყენების პირობები