ახალი ამბები
მზეჭაბუკი vs პანდემია - ქუთაისი 2020 წელს
FaceBook
პანდემიის პირობებში, ქუთაისის მერიის გადაწყვეტილება, 100 000 ლარი გადაიხადოს ფაშიზმზე გამარჯვების მონუმენტის ერთ–ერთ ფიგურაში, მისი არასწორი მენეჯმენტის ყველაზე ნათელი მაგალითია.

მაშინ, როცა ათასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა ბიზნესი, ქალაქში არ მოძრაობს ტრანსპორტი და ზოგ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალსაც კი ფეხით უწევს კლინიკებამდე მისვლა, მერია პრიორიტეტებს სხვაგვარად ანაწილებს. ჯერ კიდევ პირველი ტალღის დროს საუბრობდა ოპოზიცია ბიუჯეტში ხუთი მილიონი ლარის დაზოგვის შესაძლებლობაზე და ადგილობრივ ხელისუფლებას განსაკუთრებით გაჭირვებული ოჯახების დახმარებისკენ მოუწოდებდა, თუმცა, მერიამ ხალხის დახმარებას და ბიზნესის წახალისებას 2009 წელს აფეთქებული "დიდების მემორიალის" გადარჩენილი ფიგურის დაბრუნება არჩია. ქალაქის ახლადარჩეული მერი იოსებ ხახალეიშვილი ამბობს, რომ ეს ხალხის მოთხოვნა იყო.
ხალხის მოთხოვნა ნამდვილად არ ყოფილა 50 000 ლარიანი დროშა, რომლის აღმართვასაც მერიამ ორი წელი და ექვსი ტენდერი მოანდომა. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეროვნული სიმბოლიკა ქალაქის ერთ–ერთ ყველაზე ქარიან ადგილზე მოაწყვეს, დახარჯული ფული წყალში გადაყრილი აღმოჩნდა. დროშა ხან ქარს მიაქვს, ხანაც მერია ისევ ქარის გამო თავადვე ხსნის.
დროშის დაკიდების მსგავსად, მერიას არ გამოუვიდა არც საახალწლო განათების მონტაჟი, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტი იქნებოდა, ზედმიწევნით ზუსტად რომ არ ასახავდეს ადგილობრივი თვითმმართველობის მართვის სტილს. უცნობია, ფალიაშვილის ქუჩაზე უკუღმა დაკიდებული შარშანდელი განათება შეცდომა იყო თუ სიახლის ეფექტის ხელოვნურად შექმნის ცუდად არჩეული სტრატეგია. მერიას მომხდარის ახსნა არც კი უცდია. ეს იმ ფონზე, როცა წელს ახალი განათების შესაძენად 128 000 ლარზე მეტი უკვე დახარჯეს, თუმცა, ცენტრალურ ქუჩებზე მაინც ძველი განათებები დაკიდეს.

ქუთაისი 2021 წელსაც გადათხრილი ქუჩებით და დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტებით შეხვდება. კიდევ უფრო გაღარიბებული მოსახლეობით და მეტი სოციალურად დაუცველით. ერთადერთი, რასაც მერია უხვად გასცემს, დაპირებაა.

2020 წელს ქუთაისში, ადგილობრივი ბიუჯეტით არც ერთი მასშტაბური პროექტი არ განხორციელებულა. ჯერ ისევ დაპირების რეჟიმშია ცენტრალური ბულვარისა და ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქცია. საწყის ეტაპს ვერ გასცდა ვერც ცენტრალური ბიუჯეტით დასაფინანსებელი პროექტები, მათ შორის რიონისპირა სახლების აღდგენის გეგმა. ამ ეტაპზე ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი პროექტი, რაც ქალაქში მიმდინარეობს, აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების რეკონსტრუქციაა, რომელსაც საგზაო დეპარტამენტი აფინანსებს.
გაჭიანურებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკვე სარკაზმით პასუხობს ოპოზიცია. რამდენიმე დღის წინ, წერეთლის ქუჩას, სადაც ადგილობრივები წლებია გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვენ, სამი წლის იუბილე გადაუხადა პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ.


საკრებულოს ოპოზიცია, რომელმაც მთელი წელი ბოიკოტის რეჟიმში გაატარა, ამბობს, რომ ქალაქმა ვერც პანდემიურ და ვერც სხვა გამოწვევებს უპასუხა.

"ქუთაისისთვის ყველაზე ცუდი წელი იყო. არც ერთი სერიოზული პროექტი, რაც ქუთაისის განვითარებას ბიძგს მისცემდა, არ განხორციელებულა. ყველა პროექტი, რაც გაკეთდა, გაკეთდა სერიზოული ხარვეზით, ბევრი ახლაც დაუსრულებელია. მართალია, ამას დაემატა პანდემია, მაგრამ როგორც ქვეყანას, არც ადგილობრივ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ გაზაფხულიდან ამ დრომდე პერიოდი მოგვეგო და ეფექტურად გამოგვეყენებინა. თუნდაც, გამოგვეყო თანხა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ბიზნესის გადასარჩენად, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების დასახმარებლად. ჩვენ გვქონდა წინადადება, რომ მერიას გაეუქმებინა ყველა ნაკლებად მნიშვნელოვანი ღონისძიება და ეს თანხა მიემართა ასეთი ადამიანებისკენ, მაგრამ მათ ეს რჩევა არ გაითვალისწინეს"
,– ამბობს საკრებულოს "ევროპული საქართველოს" დეპუტატი, დავით გოგისვანიძე.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ პანდემიასთან საბრძოლველად წლის განმავლობაში მხოლოდ 37 000 ლარი გაიმეტა, რომელიც სადეზინფექციო ხსნარების შეძენასა და იმ ბიზნესმენებისთვის სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურებას მოახმარა, რომლებმაც საკუთარი ინიციატივით სოციალურად დაუცველებს ნობათები მიუტანეს. ადგილობრივ ხელისუფლებას არ უზრუნია მის ბალანსზე არსებული ერთადერთი სამედიცინო დაწესებულების, #4შერეული პოლიკნილიკის მედპერსონალისთვის ტრანსპორტის დაქირავებაზე, რის გამოც ექიმებისა და ტექნიკური პერსონალის ნაწილს ფეხით უწევს სიარული. სამაგიეროდ არ გადადო "მზეჭაბუკის" ძვირადღირებული დაბრუნება.

მერიამ პანდემიასთან საბრძოლველად თადარიგი მხოლოდ მომავალი წლისთვის დაიჭირა.

"რაც შეეხება ცალკეულ პროგრამას, ჩვენ ის გავითვალისწინეთ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში და გამოვყავით 200 000 ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ პანდემიასთან დაკავშირებით ყველა თანხა დაიხარჯება ამ პროგრამის გავლით. წინასწარ ძნელია კონკრეტული საჭიროების გათვლა, ამიტომ უბრალოდ გვაქვს თანხა გაწერილი და რა მიმართულებითაც იქნება საჭირო, იმის მიხედვით დავხარჯავთ", - ამბობს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, დავით ნიშნიანიძე.

ქუთაისისთვის 2020 წელი პოლიტიკურადაც არასტაბილური აღმოჩნდა. პანდემიის დროს დატოვა თანამდებობა არჩეულმა მერმა. გიორგი ჭიღვარია ისე გადადგა, რომ განმარტებაც არ გაუკეთებია.
წელს ნაკლებად აქტიური იყო ოპოზიციაც. საერთო ბოიკოტის ფონზე, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ფრაგმენტული კრიტიკა ვერ ქმნიდა პოლიტიკურ პროცესს სრულყოფილს.

დედაქალაქში მიმდინარე მასშტაბური აქციების ფონზე, ქუთაისში მშვიდი იყო არჩევნებიც. მეორე ტურში, რომელიც კონკურენტის გარეშე ბრძოლა უფრო იყო, ქუთაისის მერადაც და მაჟორიტარადაც კვლავ მმართველი პარტიის კანდიდატები აირჩიეს. სწორედ არჩევნებისთვის "შემოინახა" ხელისუფლებამ ქუთაისისთვის ახალი ავტობუსები, რომელთა ერთი ნაწილი ქალაქს მეორე ტურამდე ორი დღით ადრე გადაეცა, ნაწილი კი წლის მიწურულს. ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი ამოცანა მუნიციპალური ტრანსპორტის ექსპლოატაცია და ახალი ფასთა სისტემის შედგენაა, რაზეც კონკრეტული გეგმა ამ დრომდე არ არსებობს.
ამით არც პანდემიის და არც სხვა გამოწვევები არ დასრულებულა. როგორ უპასუხებს 2021 წლის სირთულეებს ახლადარჩეული მერი და მისი ადმინისტრაცია, ეს მომავალი წლის შემაჯამებელი სტატიის თემაა. მანამდე კი რაც ზუსტად ვიცით, ის არის, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევის, კორონავირუსის პანდემიის დროს, ქუთაისის მერია ქალაქში 100 000 ლარიან "მზეჭაბუკს" დააბრუნებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს,
რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა
17:31 / 28.11.2024
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს, რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა "გაუკუღმართებული სექსის" პროპაგანდად ჩაითვალოს. კლასიკური ფილოლოგიის კათედრა, სავარაუდოდ, საერთოდაც მიიკეტება“, - თსუ-ს ლექტორი სოფიო შამანიდი წერდა.
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული
ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი
უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.
15:39 / 28.11.2024
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.