ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე ზუსტად 13 წლისაა.
ის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2007 წელს საკუთარი სახსრებით
შეიძინა.
მას შემდეგ მთავარ საახალწლო ატრიბუტს ყოველწლიურად ანახლებენ და
განსხვავებული დიზაინით რთავენ. გასულ წელს ქუთაისის ნაძვის ხე
განსაკუთრებულად ლამაზი იყო და საყოველთაო მოწონებაც დაიმსახურა.
ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ახალი დიზაინით გააფორმებენ წელსაც, თუმცა,
ეს ადგილობრივ ბიუჯეტს სოლიდური თანხა დაუჯდება. ნაძვის ხის
მოსართავად, ქუთაისის მერიამ, ტენდერის
გამოცხადებას ერთ პირთან მოლაპარაკება არჩია და ერთმანეთის მიყოლებით
ექვსი ხელშეკრულება გააფორმა.
ექვსიდან ოთხი ხელშეკრულება მერიამ მხატვართა
სახლ "ვარლასა" და იმერეთის მხატვართა ორგანიზაციის დირექტორთან,
გიორგი დარსაველიძესთან დადო, ორი კი მოქანდაკე გიორგი კიკვაძესთან,
თუმცა, იგი ამავდროულად დარსაველიძის ბიზნესპარტნიორია. გამოდის, რომ
ექვსი ხელშეკრულება მერიამ რეალურად ორ პირთან გააფორმა და
ტრადიციულად უარი თქვა ტენდერის გამოცხადებაზე.
დოკუმენტების მიხედვით, მერია გიორგი
დარსაველიძეს მხოლოდ დიზაინში 4 950 ლარს უხდის,
ჯამში კი დარსაველიძე ნაძვის ხის მორთვაში 19 850 ლარს
მიიღებს. ამასთანავე, როგორც ირკვევა, ქუთაისის მერიამ ერთი და იგივე
მომსახურებაზე ორი ხელშეკრულება გააფორმა. ერთი 2 დეკემბერს
დეკორატიული მასალების შესაძენად, მეორე იგივე შინაარსის
ხელშეკრულებას კი ხელი 11 დეკემბერს მოაწერა, თუმცა, ამჯერად
დოკუმენტი იმავე პირთან მერიის ააიპ არქიტექტურის სამსახურმა
გააფორმა. მერიამ ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, იმიტომ მიიღო, რომ
ჯამური თანხა ხელოვნურად გაეყო და შესყიდვა მსხვილბიუჯეტიანი არ
გამოჩენილიყო. რაში სჭირდებოდა არქიტექტურის ააიპს დეკორატიული
მასალები, ამაზე ააიპის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩინჩალაძემ არ
გვიპასუხა და პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.
ბოლო ორი ხელშეკრულების მიხედვით, რომლებიც
მერიამ გიორგი კიკვაძესთან გააფორმა, 4 760 ლარი მოხმარდება
ხელნაკეთობებისთვის მასალის შეძენას, ხოლო ესკიზების შექმნას 3294
ლარი. ჯამში, მხოლოდ ნაძვის ხის მორთვა ბიუჯეტს 27 904 ლარი
უჯდება.
რატომ ირჩევს მერია ყოველ წელიწადს ერთი და
იგივე გზას და რატომ არ აცხადებს ტენდერს საახალწლო ღონისძიებებისთვის
უფრო ადრე, ვიდრე ეს წლის მიწურულია, ამაზე ადგილობრივ
თვითმმართველობაში პასუხი არ აქვთ.
რაც შეეხება ნაძვის ხეს, რომლის გაფორმებაც
მერიას 28 000 ლარამდე უჯდება, გიორგი დარსაველიძე ამბობს, რომ წელს
დიზაინისთვის ბაგრატის ტაძრის თემატიკა შეირჩა. უკვე
დამზადებულია შესაბამისი ორნამენტები.
"შარშან იყო კოლხური შადრევანი, წელს ბაგრატის
თემატიკა ავირჩიეთ. უკვე დამზადებულია დიდი ზომის ორნამენტები,
რომლებითაც გაფორმდება ნაძვის ხე. შარშანდელზე უკეთესი თუ არა,
ნაკლები არ იქნება", - ამბობს გიორგი დარსაველიძე.
128 882 ლარს დახარჯავს მერია საახალწლო
განათებაზე.
განსხვავებით
ნაძვის ხისა და საახალწლო განათებებისგან, მერიამ პანდემიის გამო უარი
თქვა კონცერტსა და ფოიერვერკზე. ამის მიუხედავად, ბიუჯეტს საახალწლო
სამზადისი მაინც სოლიდური თანხა, 156 786 ლარამდე უჯდება.
მასალის მთავარი ფოტო აღებულია ქუთაისიპოსტის
არქივიდან, რადგან მერიას მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი ამ დრომდე არ
დაუწყია.
მასალის გამოყენების პირობები