ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით
ცესკოს პრესსპიკერმა
ისაუბრა.
"17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს
პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება და ასევე ქუთაისში მერის
რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ტარდება. დღეს ამომრჩევლებს
საარჩევნო უბნებზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებში
მონაწილეობისათვის გადაეცემათ ერთი ბიულეტენი, ქუთაისში კი, სადაც
ასევე ტარდება მერის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები ორ ბიულეტენს
მიიღებენ", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან
უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს
მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე უნდა იმყოფებოდეს
პირბადით, მისი არქონის შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია
უზრუნველჰყოფს მას აღნიშნულით. ამომრჩეველს ორჯერ, მცირე დროით
მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული
პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს,
მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე
გადაეცემა ინდივიდუალური მოხმარების კალმისტარი.
ყველა საარჩევნო უბანზე მცირედმხედველი
ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომია გამადიდებელი ლინზები, ხოლო უსინათლო
ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა. ეტლით
მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 659 საარჩევნო უბანი,
რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.
იმერეთის ორ საარჩევნო ოლქში 21 ნოემბერს
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.
ქუთაისში, პირველ ტურში, მაჟორიტარობის
კანდიდატებმა, "ქართული ოცნებიდან" ზაზა ლომინაძემ 41,57% მოაგროვა,
,,ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძემ 34,65 %.
50%-იანი
ბარიერი ვერც მერობის კანდიდატებმა გადალახეს. ,,ქართული ოცნების"
კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა 47,7% მიიღო, ,,ნაციონალური
მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ კი 30,63%.
მასალის გამოყენების პირობები