"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის
თავმჯდომარე დიმიტრი გურგენიძე, რომელიც ამავდროულად თერჯოლაში ორ
საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობს, წარსულში რამდენჯერმეა
ნასამართლევი," - ინფორმაციას ამის შესახებ "პროგრესული საქართველოს"
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათისა
და ტყიბულის ოლქში, ადვოკატი ნინო მეფარიშვილი
ავრცელებს.
პრესკლუბ
"მედიარუმში" ნინო მეფარიშვილმა განაცხადა, რომ გურგენიძე წარსულში
ძალადობისა და ხულიგნობის მუხლით იხდიდა სასჯელს. ბოლოს კი 2017 წელს
გაასამართლეს. იგი ამ დრომდე ფლობს ცეცხლსასროლ იარაღს, რაც
ნასამართლეობის მქონე პირისთვის კანონით აკრძალულია, ასევე, მუშაობს
თერჯოლის #1 საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებლად და მუნიციპალიტეტის
სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრში, რასაც ასევე, კანონი კრძალავს.
"ყველასთვის ცნობილია, რომ ეს ადამიანი არის წარსულში მრავალგზის
ნასამართლევი, ასევე, ნასამართლეობის მქონე და მაინც ეწევა პედაგოგიურ
საქმიანობას. რა უნდა ასწავლოს ძალადობისა და თაღლითობისთვის
რამდენჯერმე გასამართლებულმა პირმა ბავშვებს? რა პასუხი აქვთ ამაზე
სკოლის დირექტორსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის ხელმძღვანელს?
გარდა ამისა, იგი არის "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის
თავმჯდომარე, ორი ოფისი გახსნა თერჯოლაში, დადის ფეხდაფეხ და ხალხს
ოცნებისთვის ხმის მიცემას აიძულებს. მმართველი გუნდი დაინტერესებულია
კრიმინალების აზღევებით, აი, ასეთი ადამიანები ჰყავს გვერდით და ამათი
საშუალებით ალაგებს არჩევნებს", - ამბობს ნინო
მეფარიშვილი.
დიმიტრი გურგენიძე ამავდროულად არის მიმდინარე წლის 9 აგვისტოს,
ტყიბულში მომხდარი მკვლელობის მთავარი მოწმე. იგი გამოძიებისთვის
მიცემულ ჩვენებაში მკვლელობის ჩამდენად ზ.ჩ.-ს ასახელებს, რომელიც
ადვოკატის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნინო მეფარიშვილის
მეუღლეა.
ქუთაისიპოსტი დიმიტრი გურგენიძეს დაუკავშირდა. გურგენიძე ნინო
მეფარიშვილის ბრალდებებს ცრუს უწოდებს და მის ნასამართლეობაზე საუბარი
არ სურს, თუმცა, არც ინფორმაციას უარყოფს. რაც შეეხება "ქართული
ოცნების" თერჯოლის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარეობას, გურგენიძე
ამბობს, რომ შტაბში არ მუშაობს, თუმცა, პარტიის
მხარდამჭერია.
"ეს არის მტკნარი სიცრუე, არც კი ვიცი საიდან აქვს ამხელა ფანტაზია.
რაც შეეხება თავმჯდომარეობას, პარტიაში არ ვმუშაობ, მაგრამ ვარ
მხარდამჭერი", - გვითხრა გურგენიძემ.
მან დაადასტურა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობა, მაგრამ როცა
მისი საქმიანობის განათლების შესახებ კანონთან შესაბამისობაზე
ვკითხეთ, საუბარი აღარ მოისურვა.
დიმიტრი გურგენიძე თერჯოლის #1 საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებლად
ორი წელია მუშაობს, თუმცა, სკოლის დირექტორი ელისო მურადაშვილი
გვეუბნება, რომ მისი ნასამართლეობის შესახებ არ იცოდა.
"ახლა გავიგე მეც ამ წუთში. არ ვიცოდი ნამდვილად. გადაწყვეტილებას
მივიღებთ კანონის მიხედვით".
ზოგადი განათლების შესახებ კანონის 21 პრიმა მუხლის მიხედვით,
მასწავლებელი არ შეიძლება იყოს ნასამართლეობის მქონე
პირი.
რაც შეეხება სამი თვის წინ ტყიბულის სოფელ
ბზიაურში მომხდარ მკვლელობას, მკვლელობაში ბრალდებული
წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. გამოძიება მას განზრახ მკვლელობასა და
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვა - ტარებას
ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით,
ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზიანებები მიაყენა 1986 წელს დაბადებულ
ზ.ს.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე
გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები