"პოლიტიკური მოტივაცია არ იკვეთება" , - ასე
შეაფასა ანა ნაცვლიშვილმა ქუთაისში 13 ოქტომბერს ,,ლელოს" წევრის ცემის
ფაქტი.
პარტიის ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე,
მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მომხდარის დღეს მას
განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს, რის გამოც მან ფაქტი პოლიტიკურ
ანგარიშსწორებად შეაფასა. პარტიაში ჩატარებული შიდა გამოძიებით კი
დაადგინეს, რომ ცემა პოლიტიკური მოტივს არ
უკავშირდებოდა.
,,იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე მომეწოდა
იმ დროისთვის, იყო ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი ჩემთვის. დავბრუნდი
მალევე ქუთაისში, ჩავატარეთ ჩვენი შიდა გამოძიება, ასევე
სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას და მინდა გითხრათ,
რომ მოცემულ მომენტში ამ საქმეს პოლიტიკური მდგენელი არ აქვს.
პოლიტიკური მოტივაცია არ იკვეთება. შესაბამისად, საქმე მიმდინარეობს
მხოლოდ ცემის მუხლით. სამწუხაროდ, ცემას ადგილი ნამდვილად ჰქონდა.
ძალიან ვწუხვარ ამ ფაქტის გამო. ჩვენს ინტერესში არანაირად არ შედის
ახალგაზრდა ადამიანის დასჯა, თუმცა ფაქტია, რომ მან ჩაიდინა
ძალადობრივი ქმედება. მე ამ ხნის განმავლობაში მქონდა კომუნიკაცია მის
ოჯახთან და მაქვს არაერთი ინფორმაცია ამ პიროვნების შესახებ.
ვემიჯნებით ძალადობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი
ფაქტები, მოტივის მიუხედავად, ჩვენს ქალაქში აღარ მოხდება,"-
განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
სამართალდამცავებმა ქუთაისში პოლიტიკური პარტიის
"ლელოს საქართველოსთვის" წევრზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს. ინციდენტი 13 ოქტომბერს მოხდა.
იმავე დღეს პარტიის ქუთაისის მაჟორიტარობის
კანდიდატმა, ანა ნაცვლიშვილმა მომხდარი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად
შეაფასა.
მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს,
რაც ცემას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები