ქუთაისში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის
კანდიდატს, ზაზა ლომინაძეს, კანონდარღვევაში
ადანაშაულებენ.
კანდიდატს პოლოტიკური პარტია
,,ლელოდან" მოუწოდებენ, რომ უარი თქვას უთანასწორო საარჩევნო
კამპანიაში მონაწილეობაზე.
ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ზაზა
ლომინაძე 10 ოქტომბერს ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის
გახსნაზე იყო მიწვეული, სადაც მას სიტყვით გამოსვლა სთხოვეს. მოქმედმა
დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა კი განაცხადა, რომ ,,ესტაფეტა
ლომინაძემ უნდა გადაიბაროს."
,,პრემიერაზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იყო
შესაძლებელი, ბილეთები არ გაყიდულა. ღონისძიებაზე მოწვეული იყო მხოლოდ
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ზაზა ლომინაძე.
მას ასევე მისცეს ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის უფლება. მოქმედმა
დეპუტატმა, გენადი მარგველაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ესტაფეტა
ლომინაძემ უნდა გადაიბაროს. ეს არის არამხოლოდ კანონის დარღვევა,
არამედ ყველა ქუთაისელისთვის საყვარელი მესხიშვილის თეატრის
შეურაცხყოფა და კულტურის პარტიული პოლიტიკისთვის გამოყენების საბჭოთა
ტრადიციის გაგრძელება. მოვითხოვ ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის
ხელმძღვანელისგან - პარტიული პოლიტიკის ასპარეზად ნუ გადააქცევენ
ხალხის ფულით დაფინანსებულ ორგანიზაციებს. „ქართული ოცნების“
კანდიდატს კი მოვუწოდებ, უარი თქვას კანონდარღვევით უთანასწორო
საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე,"- აცხადებს ,,ლელოს" მაჟორიტარობის
ჯანდიდატი ქუთაისში ანა ნაცვლიშვილი.
მესხიშვილის თეატრში აცხადებენ, რომ არჩევნებში
მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისთვის მოსაწვევები არ გაუგზავნიათ.
,,ქართული ოცების" კანდიდატი ღონისძიებაზე საკუთარი სურვილით
მივიდა.
,,არც ,,ქართული ოცნება" დამიპატიჟებია და არ
არავინ გარდა მერისა და გუბერნატორისა. არცერთი საარჩევნო კამპანიაში
ჩართული პირი არ მოგვიწვევია, თავისი სურვილით მოვიდა ,,ქართული
ოცნების" კანდიდატი და ,,ლელოსაც" შეეძლო თავისი სურვილით მოსულიყო,"-
განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა.
დაარღვია თუ არა კანონი ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა ამ კითხვით
,,ქუთაისიპოსტმა" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართა.
ორგანოზაციაში აცხადებენ, რომ ფაქტს შეისწავლიან.
მასალის გამოყენების პირობები