ქუთაისში, მოსწავლეების უმრავლესობა ონლაინ განათლებას, რეალურ სივრცეში სწავლებას ამჯობინებს.
ეს ტენდენცია იკვეთება ქალაქში არსებული იმ ათი საჯარო სკოლის
მონაცემიდან, რომელიც ,,ქუთაისიპოსტმა“ გამოკითხა.
სწავლების რა ფორმას ირჩევენ მოსწავლეები ქალაქში არსებული დანარჩენი
28 საჯარო სკოლიდან, ამის დაზუსტებაზე ქუთაისის საგანმანათლებლო
რესუსრსცენტრში
ჯერ კიდევ მუშაობენ .
რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, 2020 წლის 2 ოქტომბრის მდგომარეობით, ონლაინ სწავლება 38 საჯარო სკოლიდან, მხოლოდ 65-მა მოსწავლემ ისურვა.
ბავშვებს რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სიარული,
მასწავლებლებთან
და თანატოლებთან უშუალო კომუნიკაცია ურჩევნიათ, ეს ერთი სკოლის
მაგალითზეც სჩანს.
ქუთაისის #23-ე სკოლაში პირველი საფეხურის 450 მოსწავლიდან,
ონლაინ სწავლების ფორმით სამი მოსწავლე სარგებლობს.
სკოლის დირექტორის ნესტან ხუციძის თქმით, ონლაინ განათლებას ძირითადად განსაკუთრებული გარემოებების გამო ირჩევენ.
,,ამ ბავშვებისთვის გაკვეთილებზე ჩართულია ლაივი, რომელიც
იწერება. მოსწავლეს შეუძლია გაკვეთილს ონლაინ დაესწროს, ან ჩანაწერი
ნახოს“.
ვირტუალური გაკვეთილები სკოლებში სპეციალური პროგრამის მეშვეობით
იწერება, რასაც გამართული ინტერნეტი და კომპიუტერი სჭირდება. ეს
ფუფუნება #23-ე სკოლისგან განსხვავებით, ქუთაისის ზოგიერთ სკოლას არ
აქვს.
ერთ-ერთი მასწავლებელი, რომლის სახელს და გვარს მისივე თხოვნით არ
ვასაჯაროებთ, ონლაინ განათლების პრობლემებზე გვიყვება.
,,არ გვაქვს კარგი ინტერნეტი და არც შესაბამისი ტექნიკა. ზოგჯერ ისე
ვიტანჯებით, ასეთ გაკვეთილს სჯობს არ ჩაატარო, რადგან მაინც წყვეტით
ესმით ბავშვებს ჩემი ხმა“.
ტექნიკური ხარვეზებით ჩაწერილ გაკვეთილებს უნდა დაჯერდეს ქუთაისის
ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე (სახელი შეცვლილია), რომელიც
ოჯახური პირობების გამო, სკოლაში სიარულს გარკვეული პერიოდით ვერ
შეძლებს.
,,ხან სკოლაში ჭედავს ინტერნეტი და ხან სახლში, მაგრამ სულ ჩამორჩენას
მირჩევნია ასე მაინც ისწავლოს", - ამბობს ელენეს
მშობელი.
ონლაინ სწავლების საკითხი საქართველოში კოვიდრეალობამ დააყენა, თუმცა,
მთავრობამ მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილებები არაერთხელ
შეცვალა. ამის გამო, განათლების სფეროში ჩართულ ყველა აქტორს
დღეს არაერთ პრობლემასთან გამკლავება უწევს.
მაგალითად, ერთ-ერთი ხელისუფლების მიერ მოსწავლეების ორად
დაყოფაა. მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად,
რეალურ სივრცეში განათლების მიღების შესაძლებლობა მხოლოდ მოსწავლეების
ნაწილს, (უმცროსკლასელებს) აქვთ.
უფროსკლასელების ნაწილი კი სტრესშია, რადგან მათ რეალურ სივრცეში სწავლება ეკრძალებათ.
ამავე თემაზე:
სკოლა VS COVID-19 და სახელმწიფო „გაქცევის“
რეჟიმში
მასალის გამოყენების პირობები