წყალტუბოს სკოლებში სველი წერტილების
მოსაწყობად ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიებმა 1,122,256
ლარი უტენდეროდ მიიღეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ,,ფლანგვის დეტექტორი"
ავრცელებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ,რომ მიმდინარე წლის 3
სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა 9 სხვადასხვა კომპანიასა
და ინდ.მეწარმესთან გააფორმა ხეშეკრულება. 9-დან 8 არის ისეთი,
რომელსაც მანამდე ან არცერთ ტენდერში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული
და მხოლოდ გამარტივებული შესყიდვებით საზრდოობდა, ან მაქსიმუმ 2
ტენდერში ჰქონდა წარსულში მონაწილეობა მიღებული, სადაც სანახევროდ
კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე იმარჯვებდა.
,,შპს “არია გრუპს” წარსულში არანაირი აქტივობა არ უფიქსირდება, თუმცა
3 სექტემბერს წყალტუბომ მას 220,760 ლარი უტენდეროდ მისცა.მმართველი
პარტიის მხარდამჭერმა ინდ. მეწარმე აკაკი რობაქიძემ, რომელსაც არცერთ
სახელმწიფო ტენდერში არ მიეღო მონაწილეობა, 119,600 ლარი მიიღო
უტენდეროდ.შპს “მიმდემი” არის მსხვილი კომპანია, რომელიც ტენდერების
65% ან უკონკურენტოდ ან კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე იგებს.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ კომპანიას იგივე წყალტუბოს
მუნიციპალიტეტმა სატენდერო პირობები მოარგო ან შემდგომში გადაუწია
დასრულების ვადები. ამ ფორმით შპს “მიმდემმა” უკვე 45 მილიონამდე
მიიღო სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან."
ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის
არის შპს "ასა მოტორსი". კომპანიამ 3 სექტემბერს მიიღო
147,000 ლარიანი ხელშეკრულება წყალტუბოს რამდენიმე სოფლის სკოლების
რეაბილიტაციისთვის.
შპს დაგი-მაც 3 სექტემბერს მიიღო
გამარტივებული შესყიდვა 159,000 ლარის ოდენობით გეგუთის სკოლის
რეაბილიტაციისა და სველი წერტილების მოსაწყობად.
შპს მიკო ბილდინგმაც 3 სექტემბერს
მიიღო 127,500 ლარის გამარტივებული შესყიდვა სოფ. გუმბრისა
და სოფ წყალტუბოს სკოლების რეაბილიტაციისა და სველი წერტილების
მოსაწყობად.
შპს ხაკომაც ამავე დღეს
მიიღო 143,200 ლარი სოფელ მაღლაკისა და
ფარცხანაყანების სკოლებში სველი წერტილების
რეაბილიტაციისთვის.
არიან ისეთებიც, რომლებსაც რეგისტრაციის დღიდან
არცერთ ტენდერში არ მიუღიათ მონაწილეობა.
,,ინდმეწარმე მაკა მგელაძეს
რეგისტრაციის დღიდან არცერთ ტენდერში არ აქვს მონაწილეობა მიღებული და
ის მხოლოდ წყალტუბოში მდებარე სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებისგან
იღებს გამარტივებულ შესყიდვებს, საშუალოდ რამდენიმე ასეული ლარის
ოდენობის. თუმცა 2020 წლის 3 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა
მასთან 83,407 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა სოფ. პატრიკეთის
საჯარო სკოლის რეაბილიტაციისა და სველი წერტილების მოსაწყობად.
შპს ბამას არცერთ
სახელმწიფო ტენდერში არ აქვს მონაწილეობა მიღებული. ამ კომპანიამ 2020
წლის 3 სექტემბერს მიიღო გამარტივებული შესყიდვა 34,070 ლარის
ოდენობით, სოფ. ჟონეთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო
სამუშაოებისთვის."
წყალტუბოს მერიაში მილიონ ლარზე მეტი ღირებულების
ხელშეკრულებების გამარტივებული გზით გაფორმებას ადასტურებენ, თუმცა,
ორგანიზაცია
,,ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციას უსაფუძვლო კრიტიკას უწოდებენ და ამბობენ, რომ
შესყიდვის
ამ ფორმის გამოყენება მთავრობის განკარგულებით მოხდა და არა მათი
გადაწყვეტილებით.
,,Covid-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით
შემუშავებული რეგულაციებისა და წესების გათვალისწინებით აუცილებელი
გახდა, რომ ყველა სკოლის საპირფარეშოები ყოფილიყო კარგ მდგომარეობაში.
ამიტომ მთავრობის №947 და №973 განკარგულებებით, (პირველადი - 2020
წლის 9 იანვრის №27 განკარგულება) წყალტუბოს მუნიციპალიტეტს გამოეყო
თანხა, როგორც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
მომზადებისთვის, ასევე, სამუშაოების განხორციელებისთვისაც.
განკარგულებაშივე იყო მითითება, რომ შესყიდვის პროცედურები
განხორციელებულიყო გამარტივებული შესყიდვის ფორმით კერძოდ,
გადაუდებელი აუცილებლობით და არა ელექტრონული ტენდერების საშუალებით
მომხდარიყო როგორც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
მომზადებისთვის, ასევე სამუშაოების განხორციელებისთვის. სულ გაფორმდა
10 ხელშეკრულება 33 სკოლისთვის საპირფარეშოების მოწყობის
თაობაზე.
პრეტენდენდენტების შერჩევა არ მომხდარა ერთპიროვნულად და
თითოეული მათგანის შესრულებული სამუშაოების კონტროლი ხორციელდება
ეტაპობრივად. შესრულებული სამუშაოების და წარმოდგენილი დოკუმენტაციის
შესაბამისად ხდება თანხის ანაზღაურებაც,"-
წერია წყალტუბოს მერიიდან მოწოდებულ ინფორმაციაში.
კორონავირუსის გამო სასწავლო პროცესი წყალტუბოს
სკოლებში, ისვე როგორც მთელ ქვეყანის მასშტაბით, მიმდინარე წლის მარტში შეწყდა.
15 სექტემბერს კი მოსწავლეები საკლასო ოთახებში სრულად
დაბრუნდნენ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში
40 საჯარო სკოლაა.
მასალის გამოყენების პირობები