ახალი ამბები
ტაძარი, რომელიც ნადგურდება – გელათში ფრესკები ისევ ზიანდება (ფოტო)
FaceBook
გელათი ისევ ხარაჩოებშია. ტენტით გადახურულ ტაძარში ისევ ზიანდება ფრესკები და ისევ ცვივა კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.

ბათქაშისა და ფრესკების თეთრი ნაწილები ტაძრის მსახურებს ყოველ დილით რამდენიმე ადგილზე ხვდებათ. ამბობენ, რომ პროცესს დასასრული არ უჩანს. უსასრულოდ გრძელდება ერთი წლის წინ ხარაჩოებში ჩასმული ტაძრის რეაბილიტაციაც, რომელიც როგორც გამოჩნდა, უფრო ზიანი იყო, ვიდრე აღდგენა.

ტაძარში კედლის მხატვრობიდან ნაწილები ყოველდღე ცვივა


დაზიანებული ფრესკა

ტაძარში ამ დრომდე დგას ხარაჩო


ტაძარი, რომელიც უხარისხო კრამიტით გადახურეს და სამუშაოების დასრულებიდან ერთ თვეში წყალი ჩავიდა, ახლა ტენტითაა დაფარული. ნაგებობაში წყალი აღარ ჩადის, თუმცა, ტაძრის მსახურები, რომლებსაც ღიად საუბარი არ სურთ, ამბობენ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ფრესკების წვიმის წყლით დაზიანების პროცესი შეუქცევადი გახდება. ტაძარში ახლა იმასაც ეჭვობენ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი და სამუშაოების შესრულებელი კომპანია სახურავის შეცვლას არ აპირებს და მხოლოდ გაფუჭებულ კრამიტებს გამოცვლის, რაც დაზიანების სრულად აღმოფხვრისთვის საკმარისი არ იქნება.

"ამ სახურავს არავინ არ შეცვლის, მხოლოდ იმ კრამიტებს გამოცვლიან, რომლებიც დაზიანებულია. ამიტომ, რაც უნდა გააკეთონ, როგორც კი მოთოვს და ყინვა იქნება, აუცილებლად ჩამოვა წყალი. ერთი წელია ეს ხარაჩოებია ტაძარში, მოვლენ, დაათვალიერებენ და ისევ წავლენ. არანაირი სამუშაო აქ არ მიდის. რამე რომ კეთდებოდეს, ისე ხარაჩო იქნება?" – ამბობს ტაძრის ერთ–ერთი მსახური.


ტენტით დაფარული ტაძარი

დაბალი ხარისხის კრამიტი, რომლის ტაძრის გადახურვაში გამოყენებას ვერც შემსრულებელი კომპანია უარყოფს, ერთადერთი პრობლემა არ ყოფილა, რამაც გელათს რეაბილიტაციის ნაცვლად ზიანი მიაყენა. ტაძარს დამატებითი პრობლემები შეუქმნა გადახურვის პროცესში დაშვებულმა შეცდომებმაც. გარდა იმისა, რომ ყინვისგან დამსკდარი ნაპრალებიდან ტაძარში წყალი ჩავიდა, როგორც მსახურები ამბობენ, სახურავის მოწყობის დროს სავენტილაციო სივრცე დაიხშო, ხოლო კრამიტების დაბოლოება ზუსტად ნაგებობის გარე კედლებს ემთხვევა. ტაძარში ახლა ნესტსაც ებრძვიან, წირვის დროს კი წვიმა ღია კარში აღწევს.

"შეხედეთ როგორ პირი–პირზეა სახურავი და კედლის დაბოლოება?! ოდნავაც არ არის კრამიტი გადმოწეული, რომ კედლები დაიცვას და ღია კარში არ შემოვიდეს წვიმა. მანამდე კიბეებამდე იყო გადახურვა, ახლა ხედავთ როგორც არის".

ტაძრის გადახურვა

სპეციალისტები ახლა ტაძრის ტენტით გადახურული ნაწილის გაშრობას ელოდებიან, რის შემდეგაც ნაგებობაზე სამუშაოები უნდა განახლდეს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია მოუწევს თუ არა გელათს ზამთრის გატარება ისევ ხარაჩოებში.

მონასტერში, მუნიციპალური განვითარების ფონდი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო და სამუშაოების შემსრულებელი კოპანია, ბოლოს ორი თვის წინ იმყოფებოდნენ. ვიზიტის დროს პირობა გაიცა, რომ ხარვეზები მოკლე დროში აღმოიფხვრებოდა.
მგფ–ს აღმასრულებელი დირექტორი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, გელათის მონასტერს დღეს კიდევ ერთხელ ეწვევა.


გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.

მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.


ამავე თემაზე:

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათში ფრესკების დაზიანების ფაქტს არ აღიარებს

ზიანი რეკონსტრუქციის ნაცვლად - წვიმით ჩამორეცხილი ფრესკები გელათში

 

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #გელათი
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.