კორონაპანდემიის პრევენციის მიზნით, ჰიგიენური საშუალებების შესაძენად
დაფინანსება ქუთაისში 8 სკოლას გაეზრდება.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის
განცხადებით, დანარჩენი სკოლებისათვის ყველა საჭირო ინვენტარი
შეძენილია.
"სკოლებისათვის განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტომ
შეიძინა ყველა ის ინვენტარი, რაც საჭიროა: სადეზინფექციო ხსნარები,
პირბადეები, თერმომეტრები, დეზეობარიერები და ა.შ. თუმცა იქ
გათვალისწინებული რეკომენდაციების მიხედვით, გვაქვს ასევე,
აუცილებელი მოთხოვნა ხელსაშრობი ქაღალდის შეძენა, რომელიც თავად
სკოლამ უნდა შეიძინოს. 8 სკოლა გვყავს, რომელებიც არიან
მცირეკონტიგენტიანები და საჭიროებენ სამინისტროდან დამატებით
დაფინანსებას."
თუ რა თანხა გამოუყო სამინისტრომ 8 სკოლას ჯამურად, ცქიტიშვილი
ამბობს, რომ სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით იქნება
განსაზღვრული.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პანდემიის პრევენციული ზომების
გათვალისწინებით, ქუთაისის სკოლები სასწავლო პროცესის გასაახლებლად
სწავლების სასურველ მოდელს თავად შეარჩევენ. პირველიდან მეოთხე კლასის
ჩათვლით მოსწავლეებისთვის კი გაკვეთილები სრულად საკლასო ოთახებში
წარიმართება.
სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.
ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა.
ავტორი: ანა ჯიქია
მასალის გამოყენების პირობები