თერჯოლაში, 11 წლის ბავშვის სავარაუდო
თვითმკვლელობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო
განცხადებას ავრცელებს.
,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან
გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებით ინფორმაცია
თერჯოლის რაიონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა
სამინისტროში, აღნიშნულ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის
თაობაზე განცხადება, ან შეტყობინება არ შემოსულა. შესაბამისად,
პოლიციის მიერ ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი
გამოცემული არ ყოფილა. აღნიშნულ ოჯახში კონფლიქტთან დაკავშირებით
მომართვა 2010 წელს ფიქსირდება, რაზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება,
თუმცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა არცერთი პირის მიმართ არ
დამდგარა. გარდა ამისა, 2014 წელს, ადგილი ჰქონდა ბრალდებულს და
მის სიძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, რაზეც პოლიციის მხრიდან
გატარდა შესაბამისი ზომები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა
აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტია ოჯახში
ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და მსხვერპლის ინტერესებზე
მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. გრძელდება მოძალადეთა მიმართ
მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება",
- ნათქვამია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ
განცხადებაში.
თერჯოლაში, 49 წლის მამაკაცი საკუთარი შვილის
თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს
დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა
და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები