გენდერული ასპექტები განათლების სფეროში ნაკლებად
შესწავლილია საქართველოში.
გენდერული ინიციატივები განათლებაში - იქცა მორიგ თემად დისკუსიისა,
რომელიც ქუთაისის გენდერის მედიაცენტრში გაიმართა. მომხსენებელმა
პედაგოგთა კავშირის "განათლება და სამყაროს" თამჯდომარემ ნანული
რამიშვილმა ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რომლებიც სკოლამდელი და სასკოლო
აღზრდის საკითხებთან გახლდათ კავშირში.
ნანული რამიშვილი შეეხო თემებს - რას ნიშნავს გენდერული მიდგომა,
გენდერული ბიუჯეტირება, გენდერული განათლება და მათ განსაკუთრებულ
საჭიროებას გაუსვა ხაზი. მან ისიც აღნიშნა, რომ გენდერული ასპექტები
განათლების სფეროში ნაკლებად შესწავლილია საქართველოში. შესაბამისად
ნაკლებად ხდება გენდერული ასპექტების გათვალისწინება და გამოყენება
სკოლამდელ და სასკოლო აღზრდის პროცესში.
ბავშვებსა და მოზარდებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ საკუთარ გენდერზე, არ
იცნობენ საკუთარ სხეულს და ეს ხდება ბევრი პრობლემის მიზეზი, მათ
შორის ნაადრევი ქორწინებების, აღინიშნა შეხვედრაზე.
დისკუსიაზე საუბარი საკანონმდებლო ინიციატივებსაც შეეხო.
"ამ საკითხების მიხედვით უნდა შედგეს დოკუმენტი და როდესაც მოხდება
მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვა, უნდა აისახოს ეს საკითხები
ბიუჯეტში. ჩვენი გენდერის მედიაცენტრი შეეცდება ჩვენი შესაძლებლობის
ფარგლებში ადგილობრივ თვითმმართელობასთან გაწიოს განათლების
სისტემაში გენდერული მიდგომების ადვოკატირება", - აღნიშნა ქუთაისში
გენდერის მედიაცენტრის დირექტორმა ქეთი ბერძენიშვილმა.
ღონისძიება იმართება პროექტის "აირჩიე თანასწორობა" ფარგლებში,
რომელსაც ახორციელებს "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული
თანასწორობისათვის" "საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა
და სწავლების ცენტრის" მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები