თერჯოლის მერია "საიას" ქუთაისის ორგანიზაციის
თავმჯდომარეს, ზაალ გორგიძეს უპირისპირდება.
მას შემდეგ, რაც სოფელ კვახჭირში ადგილობირვმა
მოსახლეობამ უწყლობა გააპროტესტა, თერჯოლის მერიამ გორგიძე, რომელიც
ამავე სოფლის მცხოვრებია და აქციას შეუერთდა, აქციის ორგანიზატორად
დაასახელა. მერიამ მოსახლეობის პროტესტი პოლიტიკურად ანგაჟირებულად
შეაფასა და განაცხადა, რომ აქცია მათი ადგილობრივ თვითმმართველობასთან
დაპირისპირებას ემსახურებოდა. ზაალ გორგიძეს კი მოუწოდებს საკითხი
შეისწავლოს, რათა არ გახდეს საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შეტანის
მცდელობის მონაწილე.
"მიმდინარე წელს რამდენიმე უბანში მოხდა წყლის
მიწოდების შეფერხება, რის გამოც მერიის სამსახურებისა და მშენებელი
კომპანიის მიერ უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს პროფილაქტიკური
სამუშაოები ხარვეზების დადგენისა და აღმოფხვრის მიზნით.
მიუხედავად ამისა, კვახჭირის მოსახლეობის
ნაწილმა წყლის მოთხოვნით აქცია გამართა. სწორედ ეს გვაძლევს საფუძველს
ვივარაუდოთ, რომ აქცია იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული და ემსახურებოდა
მოსახლეობის ერთმანეთთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან
დაპირისპირებას.
ამასთან, აქციას ორგანიზებას უწევდა ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე. იმისათვის, რომ
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არ გახდეს მოსახლეობის სამართლიანი
მოთხოვნების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების და საზოგადოებაში
დესტაბილიზაციის შეტანის მცდელობის მონაწილე, ვთხოვთ საზოგადოების
თავმჯდომარეს შეისწავლოს აქციის საკითხი", - ნათქვამია თერჯოლის
მერიის განცხადებაში.
საიას ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე
მიიჩნევს, რომ თერჯოლის მერია ამ განცხადებით შექმნილ ვითარებაში
გამოსავლის მოძებნას შეეცადა. ზაალ გორგიძისთვის მუნიციპალიტეტის
ასეთი შეფასება მიუღებელია, რადგან თავადვეა იმ სოფლის მკვიდრი და
ამბობს, რომ ეს პრობლემა თვითონაც აწუხებს.
"პოლიტიკა რა შუაშია? ვინმე პოლიტიკოსი გამოვიდა
იქ თუ პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა? როგორ შეიძლება ასეთი
შეფასება? ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. ეს ალბათ, უფრო გამოსავლის
ძიების გზა იყო მათი მხრიდან. მე იქ ვიყავი როგორც იმ სოფლის მკვიდრი,
იქვე ვცხოვრობ და ვიცი ძალიან კარგად რა დღეშია მოსახლეობა. მე
თვითონაც მანქანით ჩამაქვს წყალი. რა პოლიტიკაზეა საუბარი. წყალს
ითხოვდა გასაცოდავებული ხალხი. კი ბატონო იქ ვიყავი, პირდაპირ ჩემს
ჭიშკართან იყო აქცია და მე ვახმოვანებდი ჩემი და ჩემი მეზობლების
პრობლემას", - ამბობს ზაალ გორგიძე.
თერჯოლის სოფელ კვახჭირის მოსახლეობამ წყლის
მოთხოვნით აქცია 7 ივლისს გამართა. ადგილობრივები ამბობენ,
რომ წყლის სისტემის მოსაწყობად ასი ათასობით ლარი დაიხარჯა, თუმცა,
სოფელში წყალი მაინც არ მოდის.
ამავე
თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები