ახალი ამბები
პარლამენტმა ახალი საარჩევნო სისტემა დამტკიცა
FaceBook
ახალი საარჩევნო სისტემის შესახებ ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა დღეს, 29 ივნისს მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებებს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 კი წინააღმდეგი წავიდა. პროცესში მონაწილეობა არ მიუღია "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს".

ცვლილების მიხედვით,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. დგინდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების მარჟა, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან და გადანაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

კონსტიტუციური კანონპროექტით განსაზღვრულია საარჩევნო ბლოკების საკითხიც. კერძოდ, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.

რაც შეეხება გაუნაწილებელ მანდატებს, ისინი განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.

თბილისში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები შემდეგნაირად დაიყოფა: მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები; ვაკის რაიონი; საბურთალოს რაიონი; ისნის რაიონი; სამგორის რაიონი; დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები; გლდანის რაიონი; ნაძალადევის რაიონი.

რაც შეეხება რეგიონებს, ოლქების განაწილება შემდეგია:

კახეთში - 2 ოლქი ( ერთში გაერთიანდება თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები; ხოლო მეორეში - გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები);

ქვემო ქართლი - 3 ოლქი (ერთში გაერთიანდება რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები, მეორეში - მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები, მესამეში - ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები);

შიდა ქართლი - 2 ოლქი ( ერთში გაერთიანდება კასპისა და გორის მუნიციპალიტეტები; მეორეში - ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები);

მცხეთა მთიანეთი - 1 ოლქი (მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები);

სამცხე ჯავახეთი - 2 ოლქი (ერთში გაერთიანდება ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები; მეორეში - ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები);

გურია - 1 ოლქი (ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები);

სამეგრელო - 3 ოლქი (ერთი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; მეორე - ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები; მესამე - წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები);

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი 1 ოლქი - (ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები)

იმერეთი - 4 ოლქი (ერთი - ქუთაისის მუნიციპალიტეტი; მეორე - საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები; მესამე - ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები; მეოთხე - სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები);

აჭარა - 3 ოლქი (ერთი - ბათუმის მუნიციპალიტეტი; მეორე - ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულები; მესამე - ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები).
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.