ჭიათურის თეატრი სპექტაკლებს ღია სივრცეში აჩვენებს.
ეს გადაწყვეტილება თეატრის ადმინისტრაციამ რეკომენდაციების
გათვალისწინების და პანდემიით გამოწვეული საფრთხეების არიდების მიზნით
მიიღო.
პარალელურად ამით ჭიათურის თეატრში ახალი თეატრალური სივრცეების შექმნის და ათვისების წინაპირობაც შეიქმნა.
„სპექტაკლის ღია სივრცეში თამაში თეატრს არა აქვს, მაგრამ მე მქონდა
ეს გამოცდილება - კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში გავაკეთე
სპექტაკლი. ასეთი გამოცდილება არის ევროპულ თეატრებში, ევროპულ
ფესტივალებზე. ამიტომ ჩვენთვისაც არ იქნება პრობლემა. მთავარია,
მოვძებნოთ ტექნიკური აღჭურვილობა, რომ გარეთ გავიტანოთ და გარეთ
დავიწყოთ თამაში“, - ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მამუკა
ცერცვაძე.
ჭიათურის თეატრში რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლის „ვინი პუჰი“
რეპეტიციები ივნისის ბოლოდან დაიწყება, რეპეტიციები ჩატარდება ონლაინ
რეჟიმში.
სპექტაკლის პრემიერა 15 ივლისს შედგება.
თეატრში იგეგმება სპექტაკლის „გეტოს“ აღდგენა და ჭიათურის
მოსწავლე-ახალგაზრდობის ყოფილი სასახლის ტერიტორიაზე ჩვენება.
„სურვილი დიდი ხანია გვქონდა. თუმცა მანამდე ვერ „ველოდით“ აკადემიურ
სივრცეს. ახლა იძულებულები გავხდით და ამ იძულებამ ახალი საინტერესო
იდეები გააჩინა. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ნანგრევები
ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი სივრცეა, როგორც კი ვნახე სურვილი
გამიჩნდა აქ გვეთამაშა სპექტაკლი „გეტო“.რომაული სტილით ნაგები
შენობა იყო და საოცარი პანორამა იშლება, ეს ფონი მთლიანად ჯდება
სპექტაკლის კონცეფციაში“.
მამუკა ცერცვაძის თქმით, პანდემიამ სხვა გადაწყვეტილებების
მიღებისკენაც უბიძგა თეატრს.
„გადავწყვიტეთ სოფლებში გავიტანოთ სპექტაკლები, მოვძებნოთ
სივრცეები სათამაშოდ. მაყურებელი ვერ მოდის თეატრში, ამიტომ
ჯობია ჩვენ მივიდეთ მაყურებელთან“.
მასალის გამოყენების პირობები