ქუთაისს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში
სამის ნაცვლად ერთი მაჟორიტარი ეყოლება.
მთლიანად
იმერეთში კი 9 ოლქიდან მხოლოდ 4 დარჩება. საარჩევნო სისტემის
ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში
მეორე მოსმენით დღეს, 23 ივნისს უნდა
მიიღონ.
ცვლილების მიხედვით, შემოდგომაზე დაგეგმილი
არჩევნები ისევ შერეული სისტემით, თუმცა, 77/73-ზე პროპორციის
ნაცვლად, 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ
საკანონმდებლო ორგანოს პროპორციული სისტემით არჩეული 120 დეპუტატი და
მხოლოდ 30 მაჟორიტარი ეყოლება.
გარდა ამისა, დაწესდება 1%-იანი ბარიერი
არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ბლოკებისთვის. პარტიას კი, რომელიც
40.54%-ზე ნაკლებს მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტება არ
შეეძლება. ასევე, დგინდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით
ჯამურად მიღებული მანდატების მარჟა, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში,
პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული
საარჩევნო სიიდან და გადანაწილდება იმ საარჩევნო სუბიექტებზე,
რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.
ცვლილებას პოზიტიურად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაცია
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში". საარჩევნო პროგრამების
მენეჯერი, ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ ეს ჯერ არა არის ის, რასაც
არასამთავრობო სექტორი ითხოვდა, თუმცა, პროცესი მაჟორიტარების
გავლენის შემცირებისკენ მიდის.
"რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდოდა, რომ ახლავე
პროპორციული ყოფილიყო, მაგრამ რადგან პარტიები ამაზე შეთანხმდნენ,
ჩვენ მივესალმებით ამ შეთანხმებას. ეს ცვლილება მნიშვნელოვნად
აუმჯობესებს არსებული საარჩევნო სისტემის მთავარ ხარვეზებს. რამდენიმე
არჩვენებმა აჩვენა, რომ მაჟორიტარულ და პროპორციულ ოლქებში მანდატების
77/73-ზე განაწილება, საბოლოო ჯამში, გვაძლევდა მნიშვნელოვან
დისპროპორციას არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობასა და კუთვნილ
მანდატებს შორის. ახლა მნიშვნელოვნად მცირდება მაჟორიტარების გავლენა
და მიდის უფრო პროპორციულისკენ, რაც არის წინ გადადაგმული ნაბიჯი,
რადგან საბოლოო დანიშნულებაც სწორედ ეს არის. მნიშვნელოვანია ის, რომ
არის ჩამკეტი ბარიერი, რაც ამცირებს შანსს, რომ ეს დისპროპორცია იყოს
ისეთი დიდი, როგორიც მაჟორიტარულის შემთხვევაშია".
მისივე თქმით, ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი ართულებს იმის შანსს, რომ ერთმა
პარტიამ საპარლამენტო მანდატების ნახევარზე მეტი მიიღოს.
"გარკვეულ ძალებს რომ ვკითხოთ, შეიძლება თქვან, რომ 45%-საც მიიღებენ
და მეტსაც, შეიძლება თქვან, რომ 80-საც, გააჩნია ამას ვის ვკითხავთ,
მაგრამ თუ რეალობას შევხედავთ, უფრო რთულდება იმის შესაძლებლობა, რომ
ერთმა პარტიამ მიიღოს მანდატების ნახევარზე მეტი. 40%-ზე მეტიც რომ
მიიღოს, მაინც ვერ ექნება 76 მანდატი და ამას ემსახურება სწორედ ეს
ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი", - ამბობს ლევან ნატროშვილი.
რაც შეეხება გაუნაწილებელ მანდატებს, ისინი განაწილდება უდიდესი
ნაშთის მქონე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე.
მასალის გამოყენების პირობები