ქუთაისის მერიის დროშის აღმართვის ორწლიანი
მცდელობა, ნაწილობრივ შესრულებულია.
ნიკეას ქუჩაზე, დგარი, რომელზეც დროშა
უნდა აღიმართოს, დადგმულია. სატესტო რეჟიმში უკვე დაკიდეს
დროშაც.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "ნიუ-იბერიას" დირექტორის, მანანა
მარუაშვილის თქმით, დგარზე დროშას თვის ბოლომდე
დაკიდებენ.
"მოსაპირკეთებელი სამუშაოებია დარჩენილი და
ალბათ, ერთ კვირაში აღვმართავთ დროშას. ვადა 10 ივლისამდე გვაქვს,
მაგრამ უფრო ადრე დავასრულებთ".
ქუთაისის მერია ნიკეას ქუჩაზე დროშის დაკიდებას ორ წელზე მეტი ცდილობდა.
ეროვნული სიმბოლიკის დადგმა ხუთჯერ, სხვადასხვა
მიზეზით ჩაიშალა. ჯერ, მერიამ ტენდერი ისე გამოაცხადა, რომ ნიადაგი,
სადაც დროშის დგარი უნდა მოწყობილიყო არ შეუსწავლია, სხვა ტენდერები
კი ან შეწყდა, ან შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულებაზე უარი
ბოლო მომენტში თქვა.
მეექვსე მცდელობაზე, ტენდერში (NAთ190025060)
შპს "ნიუ იბერიამ" გაიმარჯვა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას
დროშის დგარი მიმდინარე წლის 9 მარტამდე უნდა მოეწყო, თუმცა, პროცესი
ჯერ მერიის დაკვეთით მომზადებულ პროექტში არსებული ხარვეზების მიზეზით
შეჩერდა, შემდეგ კი დროშის აღმართვის სამუშაოები კორონავირუსის
გავრცელების გამო შეფერხდა.
დროშის მოწყობა ბიუჯეტს 49 959 ლარი უჯდება.
მასალის გამოყენების პირობები