კორონავირუსის გამო, საგამოცდო
ცენტრებში დაწესებული მკაცრი რეგულაციების მიუხედავად,
აბიტურიენტებისთვის გამოცდების ხანგრძლივობა არ შემცირდება. უცვლელი
რჩება გამსვლელი ქულების მინიმალური ზღვარიც.
'' ბარიერთან
დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება, ყველა საგანშიც დრო იგივე
იქნება, რაც ადრე იყო''-, აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ
ცენტრში.
გამოცდის მიმდინარეობის დროს კონდენცირების
არარსებობისა და პირბადის ტარების ვალდებულების პირობებში,
აბიტურიენტების ნაწილს გარკვეული შეღავათების მოლოდინი ჰქონდათ.
მარიამ ხარებაშვილი, რომელიც წელს ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად
ემზადება, ამბობს, რომ შეცვლილ გარემოში მუშაობა ბევრ აბიტურიენტს
გაუჭირდება.
'' რამდენიმე საათი უნდა გეკეთოს პირბადე, არც
კონდენციონერი იქნება, ყველაფერი ეს იმოქმედებს აბიტურიენტზე. იმედი
გვქონდა, დროს მაინც შეამცირებდნენ ან ბარიერს დაწევდნენ''-, ამბობს
მარიამი.
კორონავირუსის გამო, ჯანდაცვის სამინისტრო,
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აბიტურიენტებს
გამოცდის მიმდინარეობის დროს პირბადის ტარებას ავალდებულებს.
ნიღბის მოხსნის შემთხვევაში, გამოსაცდელი პირი მიიღებს
გაფრთხილებას, ხოლო განმეორების შემთხვევაში, გამოცდიდან მოიხსნება.
გამოცდის პროცესში არ იქნება ჩართული კონდენცირების სისტემა.
საგამოცდო ცენტრები გამოცდის დაწყებამდე და შუალედებში გაგრილდება,
ხოლო, გამოცდის მიმდინარეობის დროს, ოთახების გაგრილება ღია ფანჯრების
საშუალებით მოხდება.
აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდაზე ტემპერატურა
დაუფიქსირდებთ, უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის
უარყოფითი პასუხი. გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე, ყველა აბიტურიენტს
პისიარ ტესტი უფასოდ ჩაუტარდება.
გამოცდის მინიმალური ხანგრძლივობა არის უცხო
ენაში 2 საათი და 30 წუთი, ხოლო, მაქსიმალური - ლიტერატურაში - 4
საათი. ერთიანი ეროვნული
გამოცდები 6 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
ბოლო გამოცდას აბიტურიენტები 25 ივლისს, სამოქალაქო განათლებაში
ჩააბარებენ.
მასალის გამოყენების პირობები