კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები რთული აღმოჩნდა
კერძო ბაღებისთვის.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში
უწყვეტად მუშაობდნენ, ახლა გაჩერებულები არიან. ბაღებში ამბობენ, რომ
იძულებითი პაუზა პრობლემად იქცა მშობლებისთვისაც, რომლებსაც ხშირად
სახლში ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავთ და ამის გამო სამსახურში გასვლას
ვერ ახერხებენ. პანდემიის გამო პრობლემაა ძიძის პოვნაც.
„ტირიან მშობლები. უცნობი და
ნაცნობი ყველა მირეკავს. თანამშრომლებიც განვიცდით ამ ამბავს და არ
მეგულება არც ერთი ბაღი, რომელსაც იგივე მოთხოვნა არ ჰქონდეს“, -
ამბობს კერძო ბაგა-ბაღ „ნამცეცას“ დამფუძნებელი, ლალი
გოგსაძე.
მუშაობის უფლებას ითხოვენ საბავშვო ბაღ
„ვარსკვლავებშიც“. ბაღის ხელმძღვანელი, ანა ლეგაშვილი
ამბობს, რომ შესაბამისი უწყებების რეკომენდაციების დასაცავად მზად
არიან.
„ჩვენ აგვისტოშიც ვმუშაობდით. ბოლო
ორი კვირაც თუ დავისვენებდით მხოლოდ. ნამდვილად კარგი იქნება
მშობლებისთვის და ჩვენთვისაც თუ მუშაობის განახლების უფლებას
მოგვცემენ".
ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის გამო,
სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა სამი წლის დაჩის
მშობელიც. ირინა ბასილაია ამბობს, რომ თუ ასე დიდხანს გაგრძელდა,
სამსახურს ვერ შეინარჩუნებს.
"ბავშვი მყავდა კერძო ბაღში და
ვმუშაობდი. იმის გამო, რომ დამტოვებელი არ მყავს, ვერ გავდივარ
სამსახურში. ასე თუ გაგრძელდა, ალბათ, სამსახურსაც დავკარგავ.
მოვითხოვთ, გაიხსნას კერძო ბაღები".
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ,
რომ სასწავლო პროცესი მთავრობის #322-ე დადგენილებით არის შეჩერებული
და მისი აღდგენაც ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება
დამოკიდებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო,
სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაგა-ბაღებში მარტიდან
შეჩერებულია.
მასალის გამოყენების პირობები