"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის"
ქუთაისის ფილიალს, საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო გამოწერილი
ჯარიმების გასაჩივრებისთვის, 15-მა ადამიანმა
მიმართა.
ცხრა საათის შემდეგ
გარეთ გასვლა, ავტომობილით მოძრაობის წესების დარღვევა,
ავტომანქანით სამზე მეტი ადამიანის გადაყვანა,
მძღოლის გვერდით ჯდომა და ეკონომიკური საქმიანობის წესის დარღვევა
- ეს ის ძირითადი დარღვევებია, რის
გამოც,
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფიზიკური პირები დაჯარიმდნენ.
ედიშერ აბდუშელიძე ერთ-ერთია იმ
15 ადამიანს შორის, რომელმაც "საიას" საჩივრით
მიმართა. აბდუშელიძე პოლიციის თანამშრომლებმა
პირველ აპრილს, კომენდანტის საათის დროს
ავტომობილით გადაადგილების გამო,
3000 ლარით დააჯარიმეს.
"თბილისდან ქუთაისში მომყავდა ჩემი ახლობელი,
დედაქალაქიდან 5 საათზე გამოვედით, მაგრამ გზაში ცუდად გახდა და ამის
გამო შევყოვნდით. როცა პატრულმა გამაჩერა, განვუმარტე მიზეზი,
მაგრამ 3 000 ლარიანი ოქმი მაინც გამომიწერეს", - ამბობს ედიშერ
აბდუშელიძე.
დაჯარიმებული მოქალაქის სარჩელი, რომელიც
"საიას" ქუთაისის
ფილიალის იურისტმა მოამზადა, საპატრულო პოლიციის იმერეთის
სამმართველოში უკვე გაიგზავნა. საჩივარში ედიშერ აბდუშელიძე მისი
მატერიალური მდგომარეობისა და შექმნილი ვითარების
გათვალისწინებას ითხოვს.
"გთხოვთ, განიხილოთ ჩემი საჩივარი.
გაითვალისწინოთ ჩემი მატერიალური მდგომარეობა. ასევე, ისიც, რომ
სამართალდარღვევის ჩადენა ჩემს მიერ არ მომხდარა განზრახ. გთხოვთ,
გააუქმოთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და დაჯერდეთ
მხოლოდ სიტყვიერ შენიშვნას", - ნათქვამია საჩივარში.
"საიას" ფილიალის ადვოკატი სალომე სალდაძე
ამბობს, რომ მსგავს ვითარებაში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული
ის გარემოებები, რის გამოც, მოქალაქეს კომენდანტის საათის
დარღვევა მოუხდა.
"საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის
#264-ე მუხლის მიხედვით, დამჯარიმებელი უწყება, ასეთი
საქმეების განხილვისას, მოვალეა დაადგინოს, ბრალეულია თუ
არა დაჯარიმებული მის ჩადენაში, არის თუ არა პასუხისმგებლობის
შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები", - განმარტავს
ადვოკატი სალომე სალდაძე. საჩივრის არდაკმაყოფილების შემთხვევაში,
"საია" ჯარიმას ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
გაასაჩივრებს.
საგანგებო მდგომარეობის პირობებში გამოწერილ
ჯარიმებს ათდღიანი ვადა ჰქონდა, რომელიც 2 მაისს
ამოიწურა.
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო,
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 22
მაისამდე გაგრძელდა.
რა შეზღუდვები მოქმედებდა ამ ხნის განმავლობაში
ნახეთ აქ.
მასალის გამოყენების პირობები