მთავრობის დადგენილების თანახმად,
სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება.
"საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, რომ კომპანია მგზავრების
უსაფრთხო გადაყვანისა და დაწესებული რეგულაციების შესასრულებლად
მზად არის. დღეს, მატარებლის ვაგონები ჯანდაცვის სამინისტროს
წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
მატარებლებში, ისევე, როგორც სხვა სახის
ტრანსპორტში, მგზავრები კონკრეტულ წესებს უნდა დაემორჩილონ. კერძოდ:
მატარებელში ასვლამდე უნდა გაიაროთ
თერმოსკრინინგი, დაიცვათ სოციალური
დისტანცია, ვაგონში შესვლისთანავე გაიაროთ
დეზობარიერი, ხელები დაიმუშაოთ დისპანსერებში
არსებული სადეზინფექციო ხსნარით. პირბადის გარეშე მატარებელში არ
დაიშვებით. პირბადის მოხსნის უფლება არც მგზავრობის
პროცესში გექნებათ.
კორონავირუსის გამო, საქართველოში
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 28 მარტს აიკრძალა. მატარებლით
მგზავრთა გადაყვანა მთავრობამ 31 მარტს შეაჩერა. 29 მაისიდან ყველა
სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, გარდა მატარებლით მგზავრობისა.
მიკროავტობუსებით საქალაქთაშორისო გადაადგილება კი 8 ივნისიდან
განახლდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ19-ით
810 ადამიანია ინფიცირებული.
მასალის გამოყენების პირობები