პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია,
ქუთაისში იმერეთის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს
ხვდება.
შეხვედრაზე პრემიერმა პანდემიის
შემდეგ ტურიზმის სფეროს ამუშავებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ
პროცესის სრულად აღდგენას ერთი წელი დასჭირდება. საჰაერო მიმოსვლის
გახსნის შემდეგ კი პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს
მიიღებს, ისრაელი იქნება.
"ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ორმხრივ
ფორმატში სახელმწიფოებთან და როგორც ჩანს, პირველი ქვეყანა,
საიდანაც ტურისტებს მივიღებთ, იქნება ისრაელი, რომლისთვისაც ორი
მთავარი მიმართულებაა - პირველ რიგში ქუთაისი და შემდეგ ბათუმი.
შემდეგ იქნება ბალტიისპირეთის ქვეყნები: ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი
და ავსტრია. გვესმის, რომ ტურიზმის სფეროში დასაქმებული
ადამიანებისთვის არის რთული პერიოდი, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ
ამ ყველაფერს მალე აღვადგენთ. ამისთვის, დაახლოებით,
ერთი წელი დაგვჭირდება",-განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი
პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ეფექტურად გახსნის
ტურიზმს.
გიორგი გახარიამ ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში
დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა და
ქუთაისის შემოვლითი გზა დაათვალიერა. პრემიერთან ერთად,
ქალაქში ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და "აეროპორტების
გაერთიანების" დირექტორი თამარ არჩუაძე იმყოფებიან.
მასალის გამოყენების პირობები