ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, ქუთაისში
ვიზიტის დროს წყალტუბოს აღორძინების გეგმაზე ისაუბრა.
მისი თქმით, კორონავირუსის გამო პროცესი
შეფერხდა, თუმცა, პროექტს განხორციელების პრობლემა არ შეექმნება.
მინისტრმა პროექტის მიმართ ოპოზიციის პესიმისტურ დამოკიდებულებაზეც
ისაუბრა და მოუწოდა მათ "არ ინერვიულონ".
"ნუ ნერვიულობს ოპოზიცია. ჩვენ ყველა ჩვენ დანაპირებს ვასრულებთ.
წყალტუბოს აღორძინება დაიწყება გეგმაზომიერად, ისე, როგორც ეს ითქვა.
რა თქმა უნდა კორონავირუსმა შეაფერხა პროცესი, მაგრამ ეს საბოლოო
ჯამში არანაირად არ დაეტყობა პროექყს. ზოგიერთ ოპოზიციონერს,
კორონავირუსის დროს გაახსენდა რა ხდება წყალტუბოში. ისინი ჯერ კიდევ
სტუდენტები იყვნენ, როცა ბიძინა ივანიშვილი თავის ქველმოქმედებას
ახორციელებდა წყალტუბოში",–განაცხადა ნათია თურნავამ.
ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოში 22 სანატორიუმისა და 9 აბანოს
გამოსყიდვა, მათი რეაბილიტაციის მიზნით, გასული წლის ოქტომბერში
დააანონსა. დაპირების მიხედვით, წყალტუბო აქტიურ
საკურორტო ზონად უნდა იქცეს, სადაც 20 000–მდე ადამიანი დასაქმდება.
დაპირებიდან შვიდი თვის შემდეგაც წყალტუბოში არაფერი
შეცვლილა.
მასალის გამოყენების პირობები