საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას
მოუსმენენ.
მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში კოვიდ19-ის მართვასთან
დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს. პარლამენტში საგაზაფხულო სესიის
პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
მას შემდეგ, რაც დეპუტატები მთავრობის მეთაურისგან ანგარიშს
მოისმენენ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
დღევანდელ პლენარულ სხდომას დაესწრება საპარლამენტო ოპოზიციაც.
კითხვები, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერს დაუსვამენ,
შეეხება ქვეყანაში შექმნილ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას,
ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ გეგმას, მოსახლეობისთვის კომპენსაციის
მიცემის წესსა და სხვ.
რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, მმართველი პარტიის
წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში
პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენისას მწვავე პოლიტიკური
დისკუსია იქნება, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ქვეყანამ
პანდემიას თავი ღირსეულად გაართვა.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას
საპარლამენტო ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები, დაახლოებით, 2
თვის განმავლობაში ითხოვდნენ. მათი განცხადებით, ვიდრე ქვეყანაში
საგანგებო მდგომარეობა ხელმეორედ გამოცხადდებოდა, მთავრობის მეთაური
დეპუტატების წინაშე ანგარიშვალდებული იყო, რომ გადადგმული ნაბიჯების
შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.
მასალის გამოყენების პირობები