"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიას,
ტურისტული სლოგანის მომზადებისთვის დახარჯული 50
000 ლარის გამო აკრიტიკებს.
პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი
და საკრებულოს დეპუტატი, გიგა შუშანია აცხადებს, რომ გარდა იმისა, რომ
სლოგანი გაუგებარი შინაარსისაა, გაუმართლებელია მისთვის გაღებული
ხარჯებიც. ოპოზიციონერი დეპუტატი, ასევე, აპროტესტებს ტურიზმის
ცენტრის მიერ გიდების გადასამზადებლად 60 000 ლარის დახარჯვას
და მიიჩნევს, რომ თანხა, რომელსაც მერია არამიზნობრივად
ხარჯავს, პანდემიით დაზარალებულ ოჯახებს უნდა მოხმარდეს.
"ქუთაისის მერია აგრძელებს ბიუჯეტის
არამიზნობრივ ხარჯვას. ამის მაგალითია ქალაქის რებრენდიგისთვის
დახარჯული 50 000 ლარი, რომლის შედეგადაც მივიღეთ სლოგანი
"ქუთაისი ქალაქია", რომელიც სინამდვილეში არაფრის მთქმელი არ არის,
მითუმეტეს უცხოელი ტურისტებისთვის. გარდა ამისა, ახლა, როცა ტურიზმი
გაჩერებულია, ტურიზმის ცენტრმა გამოაცხადა 60 000 ლარიანი ტენდერი და
აპირებს 20 გიდს ჩაუტაროს ტრენინგი. რა დროს გიდების გადამზადებაზე ზრუნვაა, როცა
კონკრეტული ადამიანები შიმშილობენ?! ეს ორივე ხარჯი, სრულიად
საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ 1100 პენსიონერს მედიკამენტების
ვაუჩერი მიეღო, 50-მდე გიდისთვის კი, რომლებიც რეგისტრირებული არიან
ქუთაისში, 300 ლარიანი დახმარება მიეცათ. ეს არის ნათელი დადასტურება
იმისა, რომ ქუთაისის მერია გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე ცდილობს
საკუთარი კომფორტისთვის გათვლილი თანხების დახარჯვას",-განაცხადა გიგა
შუშანიამ.
ქუთაისის ტურიზმის ცენტრში ოპოზიციონერი
დეპუტატის კრიტიკას მოგვიანებით უპასუხებენ.
ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ,
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ქალაქის ტურისტული კლიპისა და
ლოგოს შესაქმნელად 50 000 ლარი დახარჯა.ქალაქის რებერენდიგზე კერძო კომპანია "მილენიალ
ჰაბმა" იზრუნა. საბოლოოდ, სლოგანმა "ქუთაისი ქალაქია" საზოგადოების
დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
ქუთაისის მერიამ ტურისტული ლოგო და სლოგანი
ერთხელ უკვე შექმნა. 2016 წელს სლოგანი "ქუთაისი ღიმილის
ქალაქია" ბიუჯეტს 6000 ლარი დაუჯდა.
ამავე თემაზე:
გამოცანა: "ქუთაისი ქალაქია"- რისი თქმა სურს
ხელისუფლებას და რა გაიგო
საზოგადოებამ
მასალის გამოყენების პირობები