პარტია "ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის" თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე აქციებს აანონსებს.
როგორც მან ენმ-ს ქუთაისის ოფისში გამართულ
ბრიფინგზე განაცხადა, თუ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების ორივე
მთავარი ნაწილი, საკონსტიტუციო ცვლილებების და პოლიტპატიმრების
გათავისუფლების შესახებ, არ შესრულდება, ისინი საკითხს მხარს არ
დაუჭერენ და არც კენჭისყრაში მიიღებენ
მონაწილეობას. ოპოზიციური პარტია, ასევე, მოითხოვს შეწყდეს ნიკა
გვარამიასა და ნიკა მელიას სასამართლო პროცესები.
"სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს ხელისუფლება
გარდა იმისა, რომ მივმართოთ კონსტიტუციით გათვალისწინებულ პროტესტის
უკიდურესა ზომებს. დიახ, ვგულისხმობ აქციებს, რისი არანაირი სურილი არ
გვაქვს, მაგრამ ხელისუფლება სხვა გზას არ გვიტოვებს", -
განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, პოლიტპატიმრების ციხიდან
გამოშვება შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იყო და მისი დარღვევით
მიღებულ ყველა ნეგატიურ შედეგზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას"
ეკისრება.
მიმდინარე წლის 8 მარტს მმართველ ძალასა და
ოპოზიციას შორის მედიატორების საშუალებით მიღწეული შეთანხმებით 2020
წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით
ჩატარდება. ოპოზიციაში
აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, მმართველ
გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების
ერთერთი წინაპირობა იყო, თუმცა, "ქართული ოცნება" ოპოზიციასთან მსგავს
შეთანხმებას უარყოფს და აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები
არ არიან.
მასალის გამოყენების პირობები