საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები, მარეხი ნიჟარაძე და ნანა კოსტავა ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდებენ ხელფასზე, სატელეფონო ხარჯებსა და საწვავზე უარი თქვან.
„ეს არის ამომრჩევლის აბუჩად ადგება, რომელმაც შემოგიშვა საკრებულოში, შენ კი არ ესწრები, არ გაინტერესებს, არც ერთ საკითხში არ ხარ ჩართული. მე მათ ადგილზე უარს ვიტყოდი ხელფასზე, საწვავზეც და სატელეფონო ხარჯების დაფარვაზეც. წესით და კანონით უნდა თქვან უარი, თუმცა, მათ მორალზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს. მათ სახელმწიფო ფულს უხდის საქმის კეთებისთვის და არა დესტაბილიზაციასა და ქუჩაში დგომისთვის“,-ამბობს მარეხი ნიჟარაძე.
„შეუძლებელია ამ საკრებულოსთან მუშაობა, მათ შორის ქალბატონ მარეხი
ნიჟარაძესთან, რომელიც კვერცხებით დარბის და აზიანებს კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლებს. მოვუწოდებ მას, საკუთარი ხელფასიდან აიღოს
თანხა და აღადგინოს დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობა, რომლებსაც
კვერცხები დ საღებავები ესროლეს. საკრებულოს ყველა სხდომა გავს
კომპარტიის ყრილობას და აქვს ნოტარიუსის ფუნქცია შეთავსებული,
შესაბამისად, არ ვაპირებთ ამ პარტიულ ყრილობებში
მონაწილეობას“,-აცხადებს გიგა შუშანია.
სხდომებზე დაბრუნებას ჯერჯერობით არც „ევროპული საქართველოს“
დეპუტატები აპირებენ.
„ჯერ ერთი, რომ დეპუტატს აქვს ბოიკოტის უფლება, მეორეც, ჩვენ,
„ევროპულ საქართველოს“ ხელფასი არ გვაქვს. რაც შეეხება საწვავსა და
სატელეფონო ხარჯებს, რომლებიც არის მიზერული, ეს განკუთვნილია ჩვენი
უფლება-მოვალეობების შესასრულებლად და რადგან სხდომებს არ ვესწრებით,
არ ნიშნავს, რომ არ ვმუშაობთ. თითქოს, ძალიან უნდათ ჩვენი
საკრებულოში მისვლა. სინამდვილეში, ძალიანაც ლაღად გრძნობენ თავს,
რადგან არ არსებობს ოპონირების რეჟიმი. ოპოზიცია როცა ჩათვლის საჭიროდ
რომ ბოიკოტი შეწყვიტოს, სხდომებსაც დაუბრუნდება“,-ამბობს მერაბ
მეშველიანი.
საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსი, მაია სვინტრაძე ამბობს,
რომ თუ დეპუტატი ბოიკოტის რეჟიმშია, არ ნიშნავს იმას, რომ ის
საკრებულოს მუშაობაში ჩართული არ არის. მის მიმართ კანონით
გათვალისწინებული პროცედურები, მათ შორის, უფლებამოსილების
შეწყვეტა, მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, თუ საკრებულოს წევრი
სხდომებს ექვსი თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით
აცდენს.
„თუ რომელიმე დეპუტატი ბოიკოტის რეჟიმში არ ესწრება სხდომებს, ეს არ
ნიშნავს იმას, რომ ის არ მონაწილეობს საკრებულოს მუშაობაში. ეს
შეიძლება იყოს კომისიების სხდომებზე დასწრება, მოსახლეობასთნ
შეხვედრა, ბიუჯეტზე მუშაობა, თუნდაც, თავიანთ
კაბინეტებში, ან მაგალითად, მედიასთან ურთიერთობა, რაც
ასევე ითვლება მის მუშაობად. შესაბამისად, თუ სხდომებზე არ დადიან, არ
ნიშნავს, რომ სამსახურს აცდენენ“, - ამბობს მაია
სვინტრაძე.
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა წარმომადგენლობითი
ორგანოს მუშაობას ბოიკოტი გასული წლის 20 ივნისის სისხლიანი
მოვლენების შემდეგ გამოუცხადეს. ოთხი თვის შემდეგ ისინი
სხდომებზე დაუბრუნდნენ, თუმცა, მალევე კვლავ ბოიკოტი
გამოაცხადეს. საკრებულოს არც ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს ქალაქის 2020
წლის ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.
მასალის გამოყენების პირობები