ახალი ამბები
„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მოსახლეობას სასამართლოში უჩივის
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მცხოვრებ 81 ადამიანს, რომლებსაც გასულის წლის ნოემბერში "ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელობაში არსებული მაღაროები პიკეტირებული ჰქონდათ, კომპანია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში უჩივის.

კომპანია სოფლის მოსახლეობისგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. შუქრუთელები ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობენ, "ჯორჯიან მანგანეზი" მათ დღეში ნახევარ მილიონ ლარს ედავება.

კომპანიამ სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს საჩხერის რაიონულ სასამართლოში 2019 წლის ნოემბერში უჩივლა. თუმცა, საჩხერის რაიონულმა სასამართლომ "ჯორჯიან მანგანეზის" სარჩელი არ დააკმაყოფილა. რის შემდეგაც კომპანიამ ეს განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც სასამართლოს პირველი მოსენება 20 თებერვალსაა დანიშნული.

"ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ მათ მიერ მომზადებულ სარჩელში საუბარია მიყენებულ ზიანზე და დავა ორ სუბიექტს შორის მიმდინარეობს.

"ეს არის მიმდინარე სამუშაო ორ კერძო სუბიექტს შორის, რომლებიც აწარმოებენ მოლაპარაკებას, სადაც პერიოდულად იცვლება ცხადია განწყობები. უბრალოდ, ვერ ვხვდები საზოგადოება რატომ უნდა იყოს დღენიადაგ, ასე ვთქვათ, პინგ პონგის მაყურებელი", - ამბობს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, აკაკი გოგიჩაიშვილი.

შუქრუთელები კომპანიის საჩივარს არ ეთანხმებიან და უახლოეს მომავალში ისევ მაღაროების პიკეტირებით იმუქრებიან.

"რამდენჯერ მოგვატყუა კომპანიამ. დაგვპირდა აუდიტის სამსახურს ჩამოვიყვანთ, დაზიანებულ სახლებს აღწერენ და მიყენებულ ზარალსაც აგინაზღაურებთო, თუმცა აქეთ გვიჩივიან ახლა", - ამბობს შუქრუთის ერთერთი მცხოვრები, გიორგი ნეფარიძე.

"ჯორჯიან მანგანეზი" ამბობს, რომ აუდიტის ჯგუი შუქრუთელების მიერ არჩეული ხალხით დაკომპლექტდა, რასაც ადასტურებენ ადგილობრივებიც, თუმცა აღნიშნავენ, რომ ექსპერტთა ჯგუფმა ნაკისრ ვალდებულებას თავი ვერ გაართვა, რადგან, მაგალითად, ვერ წარმოადგინეს დასკვნა ნარგავებთან დაკავშირებით. შუქრუთის კიდევ ერთი მცხოვრები, გიორგი ოსეფაშვილი ამბობს, რომ ეს ხელშეკრულებით ნაკისრი პირველი ვალდებულება იყო.

"საბოლოოდ, მოისყიდავდნენ ალბათ. ჩვენი მოთხოვნაა თითოეულ კომლს აუნაზღაურონ ზარალი, თუ არადა ისევ განვაახლებთ აქციებს", - ამბობს გიორგი ოსეფაშვილი.

შუქრუთში სახლების გაბზარვის გამოწვევს მიზეზებს თავიდან შპს "საინჟინრო კვლევების ცენტრი იკვლევდა. თუმცა არასამთავრობო სექტორი მაშინ აღნიშნავდა, რომ აუცილებელია ეს საკითხი არა "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ დაქირავებულმა კერძო კომპანიამ, არამედ სახელმწიფომ გამოიძიოს.



ჭიათურის მუნიციპალიტეტ სოფელ შუქრუთის მოსახლეობას შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი ერთ კვირაზე მეტხანს, გასული წლის ნოემბერში, ჰქონდა პარალიზებული. ისინი ჩიოდნენ, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოები მათ სახლებს აზიანებს და კომპანიისაგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ. მათ საპროტესტო აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებმა დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ. ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზს" შეთანხმების რამდენჯერმე დარღევაში ადანაშაულებენ.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.


ამავე თემაზე:

სოფელი, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს (ფოტო/ვიდეო)

ჭიათურაში მოსახლეობის პროტესტზე "ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ავრცელებს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.