ახალი ამბები
სოციალური მუშაკების გათავისუფლების პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სოციალური მუშაკების განთავისუფლების პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს.
"ხელმომწერი ორგანიზაციებისთვის მიუღებელია, რეორგანიზაციის საბაბით და ბუნდოვანი დასაბუთებით, კვალიფიციური სოციალური მუშაკების თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ბევრი გამოწვევის წინაშე მდგარ სოციალური მომსახურების სისტემას გამართული მუშაობისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება მეტი კვალიფიციური კადრი.


2020 წლის 29 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტოს 40-მდე სოციალურმა მუშაკმა (მათ შორის უფროსმა სოციალურმა მუშაკებმა) დამსაქმებლისგან მიიღეს შეტყობინება, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან უწყდებოდათ შრომითი ხელშეკრულება.


"შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის შესახებ" საქართველოს კანონში 2019 წლის 11 დეკემბრის ცვლილებების თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის, ასევე საერთაშორისო შვილად აყვანის უფლება-მოვალეობები უნდა გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. ამავე ცვლილებების თანახმად, ზრუნვის სააგენტომ საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.


ტრეფიკინგის ფონდი ავრცელებს განცხადებას, რომ სოციალური მუშაკების შტატების რაოდენობის გაზრდა იგეგმება, რაც მიუთითებს იმას, რომ ახალ უწყებაში სოციალური მუშაკების საჭიროება დგას.

შეგახსენებთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები წლებია დგანან უმძიმესი გამოწვევების წინაშე. ურთულეს და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაობენ საზოგადოების კეთილდღეობისა და ყველაზე დაუცველი ჯგუფების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და სოციალური უფლებების დასაცავად. ამავე სააგენტოს სოციალურ მუშაკთა 2019 წლის თებერვალში დაწყებული გაფიცვის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა სწორედ სისტემაში კადრების დამატება იყო, ვინაიდან თითოეული სოციალური მუშაკი თვის მანძილზე საშუალოდ 100-150 შემთხვევაზე მუშაობს, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს საქმეთა გონივრულ რაოდენობას.


კადრების სიმცირის გამო წუხილი არა ერთხელ გამოუთქვამს თავად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ისევე როგორც კანონშემქმნელებს, არასამთავრობო სექტორს და საერთაშორისო ორგანზიაციებს.

სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლისთვის უნდა უზრუნველეყო 50 სოციალური მუშაკის დამატება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ახალი კადრების დამატება თავისთავად გამოწვევას წარმოადგენს, მათ შორის, სოციალური მუშაკის სამუშაოს გადატვირთულობის და შრომის დაბალი სტანდარტების გამო.

ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო გაუგებარი ხდება, რატომ დაითხოვეს სამსახურიდან 40-მდე კვალიფიციური და გამოცდილი სოციალური მუშაკი. ასევე, გაურკვეველია რა კრიტერიუმით მოხდა ადამიანების შერჩევა და რა გახდა მათი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გათავისუფლებული სოციალური მუშაკები მონაწილეობას იღებდნენ სოციალური მუშაკების ზემოთნახსენებ კოლექტიურ დავაში და ნაწილი მათგანი აქტიურ მონაწილეობას იღებდა გაფიცვის ორგანიზებასა და საჯარო პროტესტის გამოხატვაში, რაც აჩენს ეჭვს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები სწორედ პროტესტის გამო დაისაჯენ.

ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ:

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან:

დაასაბუთოს რეორგანიზაციის დროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების თანამდეობობიდან გათავისუფლების საჭიროება და განმარტოს გათავისუფლების კრიტერიუმები;
უზრუნველყოს რეორგანიზაციის პროცესის გამჭირვალობა და მასში სოციალური მუშაკებისა და პროფესიული კავშირების ჩართულობა;

რეორგანიზაციის პროცესი წარიმართოს 2019 წლის 11 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად და სოციალურ მუშაკთა დანიშვნა სააგენტოში მოხდეს უკონკურსოდ.
დაუყოვნებლივ დაიწყოს სოციალური სერვისებისა და სოციალური მუშაობის გადააზრება, შესაბამის კვლევებზე დაყრდნობითა და დარგის სპეციალისტების ჩართულობით დაგეგმოს ამ სფეროს რეფორმისთვის საჭირო ნაბიჯები, მათ შორის ახალი სერვისების შექმნის მიმართულებით",  - ნათქვამია არასამთაბრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადებას ხელს ეს ორგანიზაციები აწერენ ხელს:

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - "სოციალურ მუშაკთა გაერთიანება"

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - "სოლიდარობის ქსელი"

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - "ერთობა 2013"

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.