ახალი ამბები
თერჯოლის მერიამ ფინანსური რესურსები არაეფექტიანად გამოიყენა - აუდიტი
FaceBook
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა და შესყიდვების განხორციელებისას, საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვა დაადგინა.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება, სათანადოდ ვერ დაგეგმა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა. როგორც დასკვნაში წერია, აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე. 

ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და შესრულებაში არსებული კონტროლის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტმა დროულად ვერ მიაღწია დასახულ მიზნებსა და მიღებული შედეგის შესაბამისობას მოსახლეობის საჭიროებებთან.

კერძოდ, მუნიციპალიტეტი სამუშაოების დაგეგმვისას, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის ეტაპზე, ვერ უზრუნველყოფს სათანადო კონტროლს მიმწოდებლისგან სრულყოფილად მომზადებული პროექტის ჩაბარების მიზნით. არაჯეროვნად მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია კი იწვევს მნიშვნელოვან პრობლემებსა და შეფერხებებს სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში.

ანგარიშიდანვე ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები ხასიათდება მნიშვნელოვანი დაზიანებებით. სამუშაოების შესყიდვის პროცესში მერიას არ ჰქონდა დანერგილი ეფექტიანი კონტროლის პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფდა ხარისხიანი სამუშაოების ჩაბარებას.

ასევე, არ მომხდარა სათანადო შემდგომი რეაგირება გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.

მერიამ შესყიდვების განხორციელების პროცესში ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა.

"სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტების არასწორი დისკვალიფიკაციისა და მათ მიმართ არაერთგვაროვანი მიდგომის შედეგად, მუნიციპალიტეტმა გასწია არაეკონომიური ხარჯი.

მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე," - წერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის მერმა და ა(ა)იპ − საფეხბურთო კლუბ „საპოვნელას“ ხელმძღვანელობამ საქმიანობა წარმართეს არაჯეროვნად; დაგეგმვისა და კონტროლის ეტაპზე ვერ უზრუნველყვეს სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მიიღეს არაეფექტიანი მმართველობითი გადაწყვეტილებები. შედეგად, მუნიციპალიტეტის მერის და ასევე, კლუბის ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული ქმედებითა და უმოქმედობით დიდი ოდენობით მატერიალური და არამატერიალური ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტს.

"დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ში გაზრდილია საშტატო რიცხოვნობა. კერძოდ, ზოგიერთი მოსამსახურე ფუნქციურად დატვირთული არ არის. შესაბამისად, მერიამ ვერ დაასაბუთა მათი დაქირავების საჭიროება," - აღნიშნულია ანგარიშში. 

დოკუმენტში, ასევე, საუბარია მერიის მხრიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების არასათანადო პირობებში ჩაყენებაზე. ანგარიშის მიხედვით, მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ ოჯახებზე გაცემული დახმარებების ფარგლებში, კრიტერიუმების არ არსებობა ხელს უწყობს მოსახლეობის არათანაბარ პირობებში ჩაყენებას და ზრდის სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების რისკს.

"მერიას არ აქვს სათანადო კონტროლი დაწესებული უსახლკაროდ დარჩენილთა დახმარების პროგრამის ფარგლებში გაცემული დახმარებების მიზნობრივი გამოყენების შესახებ, პროგრამა ხასიათდება მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით და ძირითად შემთხვევაში ვერ აუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს," - წერია დოკუმენტში. 

გარდა ამისა, აუდიტის ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ მერიამ, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად, თანხები გასცა ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე. მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა, ვინაიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია შრომითი რესურსი და ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება.

"მერიამ, ქონებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, სათანადოდ ვერ დაიცვა მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები. არსებული კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, სათანადო რეაგირების გარეშეა დარჩენილი დარჩენილი სხვადასხვა პირების მიერ მუნიციპალიტეტის ქონების არამართლზომიერი სარგებლობის შემთხვევები.

მუნიციპალიტეტმა, შემოსავლების ადმინისტრირებაში არსებული სუსტი კონტროლის შედეგად, სრულად ვერ მიიღო დასუფთავების მოსაკრებელი.

მუნიციპალიტეტში არსებული მართვის სისუსტეების გამო, საბიუჯეტო პროცესი წარიმართა სხვადასხვა ხასიათის ხარვეზებით და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით," - წერია დოკუმენტში.

იქვე აღნიშნულია, რომ შიდა აუდიტის სამსახურს არ აქვს სისტემაზე ორიენტირებული მიდგომა და ვერ განსაზღვრავს, რამდენად ეფექტიანად და პროდუქტიულად ფუნქციონირებს ცალკეული სისტემა/პროცესი.

"შესაძლებელია, რომ შიდა აუდიტის სამსახურს გამოვლენის, შესწავლისა და შეფასების გარეშე დარჩეს სისტემური დარღვევა-ნაკლოვანებები. ამდენად, შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა სრულად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მიმდინარე მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებას", - წერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.