„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.
„ჩვენ არაფერს არ ვგეგმავთ, მაგრამ გააჩნია რა ფორმით იქნება აქცია,
როგორ მოვლენ, როგორ წავლენ. არ უნდა ჰქონდეთ აქცია და
უნდა ჰქონდეთ მშვიდობიანი მსვლელობა. უნდა აცადონ მუშაობა მთავრობას.
ჩვენ დავიწყეთ თავიდან? მოვიდნენ და დაადეს ბოქლომი ოფისს. ეს ჩემთვის
იგივე ოჯახია. დაგვიკეტეს ოჯახი? მიიღეს საკადრისი პასუხი“, –
ამბობს მერიის ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომელი, ნიკოლოზ
დვალი.
ოპოზიციის პარალელურად აქციის დაგეგმვას უარყოფს საკრებულოს დეპუტატი
ამირან კოპალეიშვილი, რომელიც ასევე, აქტიურად ჩანდა საპროტესტო
აქციების დროს მომხდარი ინციდენტების დროს. დეპუტატი ამბობს, რომ
არავითარი გეგმა არ მუშავდება, თუმცა, არსებობენ გაღიზიანებული
ადამიანები, რომლებსაც პროტესტის გამოხატვას ვერ დაუშლიან.
„კონტრაქცია არ იგეგმება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც
გაღიზიანებული არიან და მათ ვერ დაუშლი პროტესტის
გამოხატვას“,–აცხადებს ამირან კოპალეიშვილი.
ქუთაისში 18 ოპოზიციური პარტია მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავს.
6 დეკემბერს აქციის მონაწილეები ფეხით მსვლელობას მოაწყობენ, თუმცა,
უცნობია მივლენ თუ არა ისინი მმართველი პარტიის ოფისთან. აქციის
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მსვლელობა მშვიდობიანი
იქნება.
ქუთაისში, ბოლო ორი კვირაა დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა. მას
შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამოქალაქო
აქტივისტებთან ერთად „დაბოქლომების აქცია“ დაიწყეს,
როგორც „ქართული ოცნების“, ასევე, პოლიტიკური პარტიების
ოფისებთან ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. 29 ნოემბერს
მმართველი პარტიის ოფისის დაბოქლომების შემდეგ, რა დროსაც შენობის
მინა ჩაიმსხვრა, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა, ქუთაისის
მერიის საჯარო მოხელეებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად,
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე ორგანიზებული თავდასხმა
მოაწყვეს. მათ შენობას ცოცხები და კვერცხები დაუშინეს და პარტიის
ოფისში შეჭრა სცადეს. იგივე განმეორდა პირველ დეკემბერს, რა
დროსაც აქციის მონაწილეებმა, ცოცხები, კვერცხები და წითელი
საღებავი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ერთად „გაერთიანებული
ოპოზიციის“ ადგილობრივ ორგანიზაციასაც ესროლეს.
მასალის გამოყენების პირობები