ჭიათურის მაღაროში დაღუპულ 29 წლის გოგა ბოჭორიშვილს 9 თვის შვილი
და ორსული მეუღლე დარჩა.
გაგა წყალტუბოს სოფელ ტყაჩირში ცხოვრობდა. ჭიათურაში სამუშაოდ
წასვლა ორი წლის წინ გადაწყვიტა, როცა ცოლი მოიყვანა. გაგას მეუღლე
დევნილია და ცოლ–ქმარი ჭიათურაში, საერთო საცხოვრებელში
ცხოვრობდა. ცოტა ხანში მეორე შვილის დაბადებას ელოდებოდნენ. გაგას
ოჯახში მშობლები, ძმა და უმცროსი და ჰყავდა.
„ორი კვირით მიდიოდა და მერე ისევ ბრუნდებოდა. ამბობდა რთული სამუშაო არ არისო. ოჯახი ერთი სათბურით არსებობს, მაგრამ ძველია უკვე და შემოსავალი ფაქტობრივად აღარ მოაქვს. პატარა ბავშვი ყავდა, ცოლი ორსულად, რა ექნა, არჩია სხვაგან წასულიყო სამუშაოდ“, – ამბობს გარდაცვლილის ახლობელი გოჩა კუხალეიშვილი.
ტყაჩირში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სასათბურე მეურნეობა აქ
შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ოჯახები
სოფელს ტოვებენ.
„აქ თუ სათბური არ გაქვს, ვერ იცხოვრებ. სხვა შემოსავალი ხალხს არ აქვს. ისედაც მცირე სოფელია, 23 კომლია სულ და ამ შემოგარენიდან ექვსი ოჯახია უკვე წასული, მიტოვებული აქვთ სახლები. მეც რომ არ მქონდეს სათბური, მეც წასვლა მომიწევდა, ან საზღვარგარეთ ან სხვა ქალაქში“, – ამბობს პატრიკეთის მცხოვრები, ზაზა დათუაშვილი.
გარდაცვლილის ახლობლებმა ჯერ არ იციან ზუსტად რა ვითარებაში დაიღუპა
29 წლის ბიჭი. მათ არც იმის თქმა შეუძლიათ, იყო თუ არა უსაფრთხოების
ნორმები დაცული მის სამუშაო ადგილზე.
გაგა ბოჭორიშვილი ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში 17 ოქტომბერს
გარდაიცვალა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მას ნახშირის სატვირთო
მატარებელი დაეჯახა, რომელმაც მუცლის არეში დაზიანებები მიაყენა, რის
შედეგადაც გარდაიცვალა.
დაღუპულის ოჯახში უკვე იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იყო თუ არა საწარმოში უსაფრთხოების ნორმები დაცული, ამას გამოძიება დაადგენს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 240–ე
მუხლით მიმდინრეობს, რაც სამთო– სამშენებლო ან სხვა სამუშაოების
წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას
გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები