„ტორპედოს“ ახლადდანიშნული დროებითი მმართველი თემურ ჩეჩელაშვილი, ეროვნული ლიგის მატჩის წინ კლუბის ფეხბურთელებს შეხვდა.
კლუბის დროებითი მმართველი ამბობს, რომ გუნდი ბაზაზე დაბრუნდა, თუმცა, ფეხბურთელებს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი გავლენ თუ არა თამაშზე.
მისი თქმით, უცვლელია ფეხბურთელების მოთხოვნა სახელფასო დავალიანების
გასტუმრებასთან დაკავშირებით, რის გარეშეც ისინი
მოედანზე დაბრუნებას არ აპირებენ.
„ერთი თვის დავალიანების გასტუმრება მაინც რომ შეგვეძლოს, პრობლემა
დროებით მოგვარდებოდა, მაგრამ ამის საშუალებაც არ არის. ყველა
ფინანსური რესურსი ამოწურული აქვს კლუბს. ვერსაიდან თანხას ვეღარ
მიიღებს. თუ ამ დღეებში არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოგვიწევს
„ტორპედო 2“ გავიყვანოთ მოედანზე, რომ მატჩი არ
ჩავშალოთ“,-ამბობს თემურ ჩეჩელაშვილი.
კლუბის დროებითი მმართველი ამბობს, რომ ბაზაზე კვების პრობლემა უკვე
მოგვარდა. იმის მიუხედავად, რომ კლუბს მხოლოდ ამ ნაწილში 35 000
ლარიანი დავალიანება აქვს, მომმარაგებელთან მიღწეული
იქნა შეთანხმება, რომ ვალის გასტუმრება ინვესტორის მოსვლის შემდეგ
დაიწყება, მიმდინარე ხარჯებს კი კლუბი მერიის დახმარებით
დაფარავს.
რაც შეეხება ახალ ინვესტორს, თემურ ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ
„ტორპედოს“ შეძენით ბიზნეს-ჯგუფია დაინტერესებული.
"ერთი არის უკრაინული ბიზნეს-ჯგუფი, სადაც ერთ-ერთი
წვერი ქართველია, ასევე, არიან ბრაზილიელები და „ალიანს
ჰოლდინგი“. ჩვენ უკვე შევხვდით სამივე მათგანს, ვისაუბრეთ,
მაგრამ ეს საკითხი ასე სწრაფად არ წყდება“,-ამბობს თემურ
ჩეჩელაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები