„ბოლო დროს ყველაფრის მიმართ დაკარგა ინტერესი. თუ მაინც ტაქსის მძღოლი უნდა ვიყო, რა აზრი აქვს სწავლასო“, – ასე იხსენებს წყალტუბოს #1 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი 18 წლის მოზარდთან ურთიერთობის ბოლო თვეებს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„სამაგალითო მოსწავლე იყო, აი, ნიმუშიო რომ
იტყვიან, ასეთი ბავშვი იყო. მთელი კლასი მას ვეყრდნობოდით,
იქნებოდა ეს ღია გაკვეთილი თუ სხვა აქტივობა. უნიჭიერესი იყო.
ვეუბნებოდი, შენ სადაც უნდა ჩააბარო, ყველგან წარმატებული
იქნები ისეთი ნიჭი გაქვსთქო. სულ პირველ მერხზე იჯდა
ჩემს წინ. ყოველთვის გულახდილად მელაპარაკებოდა, მაგრამ ბოლო
სემესტრში რადიკალურად შეიცვალა. აღარაფერს მიყვებოდა, ინტერესი
დაკარგა ყველაფრის მიმართ. ოქროს მედლის კანდიდატი იყო შარშან, წელს
უკვე გაცდენა რომ დაიწყო, ამ შანსსაც კარგავდა, მაგრამ ვეუბნებოდი
ყველანაირად მოგეხმარები, ქულები არ არის პრობლემა, ოღონდ შენ
მოინდომეთქი. პირდაპირ მეუბნებოდა ბავშვი „არ
მინდა დოდო მასწავლებელო, თუ მაინც ტაქსის მძღოლი უნდა ვიყო, რა აზრი
აქვს სწავლასო“,– იხსენებს დოდო ხაჩიძე.
„დედასაც ვუთხარი, იცოდა ეს ყველაფერი. ხასიათის ცვლილებას ისიც
ამჩნევდა. ფსიქოლოგთანაც ჰყავდა წაყვანილი. მას უნდოდა
ყველაფერი კარგი ჰქონოდა მის შვილს და ვინაიდან კარგად სწავლობდა,
მაქსიმალურს სთხოვდა. პაპუნა ბოლო დროს ამაში ეწინააღმდეგებოდა,
რადგან თვლიდა, რომ დედამისი მისგან ზედმეტს ითხოვდა.
ალბათ, რაღაც პრობლემა ჰქონდა, მაგრამ არ
ამხელდა“, – ამბობს დოდო ხაჩიძე.
წყალტუბოს #1 საჯარო სკოლა
პაპუნას განსხვავებულ ხასიათზე საუბრობს მისი კიდევ ერთი პედაგოგი.
დალი სილაგაძე ამბობს, რომ ბიჭს დამყოლი ბუნება ჰქონდა. შესაბამისად,
ფიქრობს, რომ თვითმკვლელობის ერთადერთი ვერსია
ინტერნეტთამაშის შესახებ, შესაძლოა მართალი იყოს.
„თავისებური ბავშვი იყო. ძალიან მშვიდი და დამყოლი ხასიათი ჰქონდა.
შეიძლება, ადვილად დაიყოლია ვინმემ ამ
ინტერნეტთამაშზე“, – ამბობს დალი
სილაგაძე.
რა შეიძლებოდა გამხდარიყო 18 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მიზეზი,
ამაზე საუბარი გარდაცვლილის ახლობლებს არ სურთ. მეზობლები კი ამბობენ,
რომ პაპუნა გულჩათხრობილი იყო. გარეთ თითქმის არ გამოდიოდა. არც ეზოში
ერთობოდა. მხოლოდ სკოლაში და მუსიკაზე დადიოდა, შესაბამისად,
მისი ხასიათის ცვლილებას ვერავინ შეამჩნევდა. ვერ საუბრობენ
ვერც ინტერნეტთამაშის ვერსიის ნამდვილობაზე.
„ბავშვი გარეთ არ გამოდიოდა. სულ სწავლობდა, სულ მეცადინეობდა.
ხასიათის ცვლილებას ვერავინ შეატყობდა, რადგან
ფაქტობრივად არ ურთიერთობდა მეზობლებთან. ძალიან ჩაკეტილი იყო. წელს
გამოცდებზე არ გასულა. მერე ჩავაბარებო დედამისისთვის უთქვამს. ამაზე
ძალიან ბრაზობდა დედა, რადგან ის ყველაფერს ცდილობდა, რომ
საუკეთესო შვილი გაეზარდა. საზღვარგარეთ დადიოდა, ხან სად
მუშაობდა, ხან სად, არაფერს აკლებდა. რა მოხდა არავინ
იცის“, – ამბობს მეზობელი.
30 სექტემბერს, დილის 6 საათზე პაპუნა წყალტუბოში ყველაზე მაღალი
კორპუსიდან გადმოხტა. იგი ამ მიზნის განსახორციელებლად სახლიდან
მოშორებით, მეორე უბანში წავიდა. ბიჭმა 9 სართულიანი კორპუსი,
სავარაუდოდ, განგებ შეარჩია, რადგან თავად ოთხსართულიან
შენობაში ცხოვრობდა.
„აქ გარანტირებულად იცოდა, რომ მოკვდებოდა“, –
ამბობენ მეზობლები.
კორპუსი, საიდანაც 18 წლის ბიჭი
გადმოხტა
კორპუსის მცხოვრებლებმა დაცემის ხმა გაიგონეს, თუმცა, ამბობენ, რომ
ჯერ ისევ ბნელოდა და ეზოში არაფერი ჩანდა. 18 წლის ბიჭის
ცხედარი ადგილობრივებმა მხოლოდ დილის 8 საათზე იპოვეს. მომხდარიდან
რამდენიმე საათში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე პაპუნას დედამ.
იგი ქუთაისში, ასევე კორპუსიდან გადმოხტა. პაპუნა დედისერთა იყო.
„ხათუნა მის სიკვდილს ვერ გადაიტანდა, ამას ვერ
შეეგუებოდა“,–ამბობს მეზობელი.
წყალტუბოში ახლა ერთ ოჯახში ორ მიცვალებულს გლოვობენ.
პაპუნას თვითმკვლელობის ერთადერთ, თუმცა, არაოფიციალურ ვერსიად
ინტერნეტთამაში „ლურჯი ვეშაპი“ განიხილება. არც
სამართალდამცავ ორგანოებს და არც გარდაცვლილის ახლობლებს სხვა
ინფორმაცია არ აქვთ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები