მე-16 დღე თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი გზის სამუშაოებზე
დასაქმებული მუშები კუთვნილი ხელფასების გაცემის მოთხოვნით გაფიცულები
არიან.
მიმდინარე წლის 7 აგვისტოს დადებული სიტყვიერი შეთანხმების შედეგად,
დამსაქმებელს დავალიანება მუშებისთვის 15 აგვისტოს უნდა დაეფარა.
გაფიცული მუშების თქმით, ხელფასების გაცემა არ მომხდარა.
"ისევ გვატყუებენ. ახლა ამბობს, რომ არ ვიცი ზუსტად როდის
დაგირიცხავთო", - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული მუშა, ბინო
ტოხარევი.
მუშების თქმით, მათ უმეტესობას კუთვნილი ანაზღაურება სამი თვეა არ
აუღია.
ავტობანზე ბათუმი-თბილისის გზის დამაკავშირებელ მონაკვეთის სამუშაოებს
აზერბაიჯანული კომპანია "გრენვა" ახორციელებს. სამუშაოების
მწარმოებელი კომპანია ჩვენთან საუბარში განმარტავდა, რომ ხელფასების
დროულად გაცემა კომპანიის ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოხდა. ის,
ასევე, ამბობდა, რომ მუშების წინაშე არსებულ დავალიანებას 15 დღეში
გაისტუმრებდა. კომპანიის დირექტორი ჩვენთან საუბარში დღეს ამბობს, რომ
ხელფასებს 25 აგვისტოს გასცემს.
ავტობანის ამ მონაკვეთზე, ძირითადად, ახალციხელი მუშები არის
დასაქმებულნი.
მასალის გამოყენების პირობები