ახალი ამბები
სამტრედიაში შშმ პირის დედა პოლიციელებს ბავშვის ცემაში ადანაშაულებს
FaceBook

სამტრედიაში მცხოვრები 12 წლის  ბიჭის  დედა, რომელიც სამტრედიის პოლიციისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს მისი შვილის მიმართ ცემასა და გულგრილობაში ადანაშაულებს, მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.


დონარა ცხვარაძე ამბობს, რომ ვიდრე სამართალს არ იპოვის არ გაჩერდება.

მისი თქმით,  პოლიციელებმა მის მცირეწლოვან შვილზე მაშინ იძალადეს, როცა, თბილისის ინკლუზიური განათლების სკოლიდან სახლში დროებით ჩამოსულმა  მოზარდმა 112-ში დარეკა და თქვა, რომ იგი მამამ სცემა.

ბიჭის დედა ამბობს, რომ შვილი იმ მომენტში ფსიქიკურად აღგზნებული იყო და მან 5 წუთში ზარი გააუქმა, თუმცა, ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციის თანამშრომლებმა მოზარდი მამის ნებართვის გარეშე პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.

„ბავშვი მისულა მამამისთან და უთქვამს 12 ლარი მომეცი  მაღაზიაში ნისია მაქვსო.   ბავშვი იყო შემჩნეული მაღაზიიდან სიგარეტის გამოტანაში და უბნის ბიჭებიც მას აიძულებდნენ ლუდის და სიგარეტის ყიდვას. ამიტომ, მამას ეჭვი გაუჩნდა და უთხრა, წამოდი ერთად მივიდეთ მაღაზიაში  და  ყველაფერს გადავიხდი, ოღონდ მითხარი რა იყიდეო. შოთიკო აგრესიული გამხდარა და პოლიციაში დაურეკია, მამამ მცემაო, შემდეგ მალევე დაწყნარდა და ზარი გააუქმა. ვიდრე პოლიცია ამოვიდოდა სახლში, ბავშვი სათამაშოდ გასულა ქუჩაში. პოლიციამ იპოვა ჩემი შვილი  და განყოფილებაში ისე წაიყვანა, რომ მამამ არაფერი იცოდა“, - ამბობს ბიჭის დედა.

მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში ბიჭი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და მამის ნახვას ითხოვდა. პოლიციელები კი, როდესაც მოზარდი ვეღარ დაიმორჩილეს,  ფიზიკურად გაუსწორდნენ.


ქუთაისიპოსტს
იგივე გაუმეორა 12 წლის ბიჭმა. მისი თქმით, მას პოლიციელმა ილო თევზაძემ ხელის და ფეხის არეში დაარტყა.

პოლიციის განყოფილებაში რომ მოზარდი შეუძლოდ გახდა, ამას ადასტურებს ადგილზე სამედიცინო დახმარების გამოძახების ფაქტი. მძიმე მდგომარეობაში მყოფი  ბავშვი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.

დედა ამბობს, რომ მის შვილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა, მას ეს პირადად არ უნახავს, რადგან თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. მოზარდი არც მამას უნახავს, რადგან იგი ამ დროს უკვე დაკავებული იყო,  თუმცა, დედა დარწმუნებულია, რომ დაზიანებები მისმა შვილმა  პოლიციის განყოფილებაში მიიღო. იგი არ ეთანხმება სამართალდამცავების ინფორმაციას, რომ მისმა შვილმა ემოციური შეტევის დროს თვითდაზიანებები მიიყენა.


დონარა ცხვარაძე სამტრედიის პოლიციაში მომხდარ კიდევ ერთ კანონდარღვევაზე საუბრობს. მისი თქმით, ბავშვი  პოლიციის განყოფილებაში მშობლის თანდასწრების გარეშე დაკითხეს და ფსიქიკური პრობლემების მოზარდზე  ფსიქოლოგიურადაც იძალადეს.

„კინაღამ შვილი მომიკლეს. 12 წლის ბავშვი, რომელიც ყველამ იცის  სამტრედიაში, რომ შშმ პირია, მოიტაცეს ქუჩიდან, წაიყვანეს განყოფილებაში. ამ დროს მამა ეძებს შვილს და არ იცის სად არის. მიყავთ ბავშვი განყოფილებაში და მშობლის თანდასწრების გარეშე კითხავენ. არავის არ ვაპატიებ ამას. ვიდრე ყველა, ვინც ჩემი შვილი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო არ დაისჯებიან, არ გავჩერდები“,-ამბობს დონარა ცხვარაძე.

შესაბამისი დოკუმენტებით მან უკვე მიმართა მთავარ პროკურატურას.

მოზარდის დედა მომხდარში სამტრედიის სოციალური მომსახურების სააგენტოსაც ადანაშაულებს. მისი თქმით, სკოლიდან მამასთან დროებით ჩამოსული შოთიკო აგრესიული გახდა და სკოლაში დაბრუნებაზე უარს აცხადებდა. იმის მიუხედავად, რომ იგი მედიკამენტოზურ მკურნალობაზე იმყოფება, დედის თქმით, მოზარდის დამორჩილება თითქმის შეუძლებელი გახდა, რის გამოც, მამამ სამტრედიის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა, რათა თბილისში მოზარდის გადაყვანაში დახმარებოდნენ. უფრო ადრე კი მოზარდის მამამ დახმარების თხოვნით თბილისის ინკლუზიურ სკოლასაც მისწერა.

ქუთაისიპოსტი გაეცნო თბილისის #200 ინკლუზიური სკოლის მიერ სამტრედიის სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის გაგზავნილ 13 და 27 მაისით დათარიღებულ  წერილებს, სადაც სკოლის ადმინისტრაცია სააგენტოს მიმართავს დაინტერესდეს მოზარდის მდგომარეობით.


25 მაისის წერილში კი სკოლის ხელმძღვანელობა სააგენტოს პირდაპირ სთხოვს  კონკრეტული ღონისძიებების გატარებას.

„მოგმართავთ თხოვნით, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შეისწავლოთ ადგილზე შოთა ჩაჩუას მდგომარეობა და თქვენს მიერ განხორციელებული ღონისძიებები გვაცნობთ წერილობით“, - ნათქვამია წერილში.

სააგენტოს სოციალური მუშაკი ხათუნა სტურუა ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ბოლო წერილზე რეაგირება დაგეგმილი იყო, თუმცა, ვერ მოასწრეს, რადგან შემთხვევა სამი დღით ადრე მოხდა. რაც შეეხება პირველ წერილს, მისი თქმით, ოჯახთან,  ძირითადად,  მეორე სოციალური აგენტი, ლალი კაშია მუშაობდა, რომელიც ახლა შვებულებაშია. მოახდინა  თუ არა აგენტმა რეაგირება წერილზე, ხათუნა სტურუამ არ იცის. ლალი კაშია კი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.


უცნობია დაიკითხა თუ არა ფაქტზე ლალი კაშია. ხათუნა სტურუამ კი გვითხრა, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია, თუმცა, ზუსტად არ იცის როდის.

საქართველოს პროკურატურაში დაკითხული და დაკითხვაზე დაბარებული პირების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ.  უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება  333-ეს მესამე ნაწილის ბ და დ  ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

 

სამტრედიის სასამართლომ მოზარდის მამა  ვახტანგ ჩაჩუა 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლა. ჩაჩუების ოჯახი  ახლა 21 აგვისტოს ჩანიშნულ მომდევნო  სხდომას ელოდება. პარალელურად, მოითხოვენ დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მის შვილზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.