ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკა ლატარია, დღევანდელ სხდომაზე დეპუტატების, ალეკო ახალაძისა და ნიკოლოზ ჩეჩელაშვილის მიერ ჟურნალისტებთან დაპირისპირებას ეხმაურება.
მისი თქმით, დეპუტატები ნანა კოსტავას წინააღმდეგ მოწყობილმა
პერფორმანსმა გააღიზიანა, ჟურნალისტებს კი, რომლებიც ამ ფაქტს
აშუქებდნენ, საკრებულოს მუშაობისთვის ხელი არ შეუშლიათ.
ალეკო ახალაძე და ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი ჟურნალისტებს, ნანა
კოსტავას წინააღმდეგ მოწყობილი პერფორმანსის გაშუქების გამო
დაუპირისპირდნენ და განაცხადეს, რომ მედიის წარმომადგენლები მათ
მუშაობაში ხელს უშლიდნენ.
დეპუტატები, სამოქალქო აქტივისტების მიერ სხდომაზე პლაკატის, წაწერით "ნანა წადი" გაშლამ, შემდგომში კი ჟურნალისტების მიერ ამ ფაქტის ასახვამ გააღიზიანა.
"მუშაობაში ხელს გვიშლით. ჩვენ, საერთოდ შეგვიძლია მოვითხოვოთ სხდომის
დახურვა და ვერ დაესწრებით სხდომას ", - მიმართა ჟურნალისტებს
ალეკო ახალაძემ.
იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტებმა საკრებულოს წევრებს
შეახსენეს, რომ ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, დეპუტატები
მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებდნენ სხდომათა დარბაზში თავისუფალი
გადააგილებისგან თავი შეეკავებინათ.
ნანა კოსტავა ერთთვიანი შესვენების შემდეგ, დღეს, პირველად
მივიდა საკრებულოს სხდომაზე.
საკრებულოს არჩეულმა წევრმა, ლაგოდეხის ნაკრძალში ტრაგიკულად
დაღუპული 16 წლის გოგონას დას, ბლოგერ სალომე ბარკერს სოციალურ
ქსელში სიძულვილის
ენით მიმართა.
გოგონას გარდაცვალების შემდეგ ნანა კოსტავამ პირად გვერდზე
სალომე ბარკერის მიერ ერთი წლის წინ გადაღებული ვიდეო გააზიარა,
სადაც ბლოგერი თითზე გაკეთებლი პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.
დეპუტატმა ვიდეოსთან ერთად დაწერა: „კაი დღეში ხარ ახლა,
იცინე“.
დეპუტატის ამ ქმედებას საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოჰყვა.
სამოქალაქო აქტივისტები მისი წასვლის მოთხოვნით მერიის წინ
პერმამენტულ აქციებს მართავდნენ.
ნანა კოსტავამ ვიდეო წარწერით ფეისბუქის პირად გვერდზე 28 მაისს
გამოაქვეყნა, თუმცა, ამ შემთხვევაშიც მომხდარზე რეაგირება მას
შემდეგ მოხდა, რაც პოსტი მედიამ გაასაჯაროვა. კოსტავას პოსტის
გამოქვეყნებიდან მხოლოდ სამი დღის შემდეგ დაატოვებინეს ფრაქცია
„ქართული ოცნება–კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა და
გენდერული საბჭო. ამის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა
ლატარიამ განაცხადა, რომ კოლეგის წინააღმდეგ ყველა ბერკეტი
გამოყენებული იყო და ნანა კოსტავა თავად გადაწყვეტდა დატოვებდა თუ არა
დეპუტატის მანდატს.
კოსტავამ კი გადაწყვიტა, რომ საკრებულოს წევრის სტატუსზე უარი არ
თქვას. მას ამ დრომდე არ ესმის საზოგადოების ხმა და მანდატზე
პრინციპულად არ ამბობს უარს. მისი ბოლო კომენტარი ამ
საკითხზე იმის ახსნას შეეხებოდა, რომ მას ამომრჩევლებმა ურჩიეს
არ წასულიყო.
ვინ არიან ნანა კოსტავას ამომრჩევლები, რომლებიც მის მიერ დეპუტატის სტატუსით სიძულვილის ენის ტირაჟირებას ამართლებენ, უცნობია. სამაგიეროდ, მისი წასვლის მოთხოვნით დაწყებული აქციების დღეებში გაირკვა, რომ მან „ქართულ ოცნებას“ ბევრი ხმა მოუტანა, რის გამოც მისი ბოლომდე „გაწირვა“ არ შეიძლებოდა.
მასალის გამოყენების პირობები