ქალაქის მერმა, გიორგი ჭირღვარიამ "ქუთაისიპოსტის" კითხვას, იყიდება თუ არა მერიის ადმინისტრაციული შენობა, არ უპასუხა.
პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ კონკრეტულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობენ.
„თუ რამე კონკრეტული გვექნება, აუცილებლად გეტყვით“, - განაცხადეს
მერიის პრესსამსახურში.
მოგვიანებით კი განმარტეს, რომ შენობის გასხვისება არ განიხილება, რაც
შეეხება თანამშრომლების სხვა შენობაში გადაყვანას, ინფორმაციას
არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
მერიის შენობის შესაძლო გასხვისების შესახებ ინფორმაცია
ეტაპობრივად ვრცელდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადმინისტრაციული ორგანოს
გადატანა ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში
იგეგმებოდა.
ადგილობრივ თვითმმართველობაში სხვადასხვა დროს გავრცელებულ ინფორმაციას ყოველთვის უარყოფდნენ, თუმცა, ამჯერად მერია შენობის გასხვისების შესახებ გადაჭრით უარს არ ამბობს.
ქუთაისის მერიის ოთხსართულიანი შენობა ქალაქის ბალანსზეა. შენობა
ძირითადი და დამატებითი კორპუსებისგან შედგება, სადაც მერიის
ააიპებია განთავსებული. შენობის მთლიანი ფართი 3279
კვ.მ-ია.
მასალის გამოყენების პირობები