ახალი ამბები
ისწავლე თავისუფლება - თეატრი „პოლიტიკური სეზონით“
FaceBook

მესხიშვილის თეატრი  134 -ე თეატრალურ სეზონს 25 ივლისს დახურავს სპექტაკლით „ბულბულის ნისკარტი“ (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე).


სპექტაკლი  „ცისფერყანწელთა ორდენის“ ორ წევრზე ტიციან ტაბიძესა და პაოლო იაშვილზე, მათ შემოქმედებასა და ტრაგიკულ ცხოვრებაზეა.

„ბულბულის ნისკარტი“ არ არის ამ სეზონის პროდუქტი, თუმცა სულისკვეთებით შეუერთდა იმ პოლიტიკურ განწყობებს, რაც  ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში სუფევდა. მოვლენებს, რომელსაც შეუძლია დაბადოს დრამები, ტრაგედიები, ტრაგიკო-მედიები, აბსურდები და ფარსები.



„ცისფერყანწელთა“ ტრაგედიები საბჭოთა რეჟიმმა დაბადა, მან არ დატოვა ადგილი სხვა ჟანრისთვის. ისევე როგორც არ დაუტოვა პირადი სივრცე, საკუთარი აზრი, საკუთარი ცხოვრება და არჩევანი სპექტაკლის გმირებს.


გააჩინა მხოლოდ სისხლი და ცხედრები, ჩიხი და ჭაობი, სადაც ან შენი ნებით შეხვალ ან შეგათრევენ.

 

პაოლომ მესამე გზა აირჩია…


სპექტაკლი ავტორების მხრიდან არ კვალიფიცირდება როგორც პოლიტიკური სპექტაკლი, თუმცა იგი  მაყურებელს ახსენებს ტოტალიტარული რეჟიმების ნაცნობ, მაგრამ მაინც დავიწყებულ ბუნებას. ყვება რეჟიმზე, რომელიც არ ცნობს ადამიანს. იგი შეიძლება დამარცხდეს, თუმცა თვითაღდგენის დიდი უნარითაც გამოირჩევა. სპექტაკლი ამ საშიშროებაზეც მიანიშნებს.


პოლიტიკური სპექტაკლი იყო რეჟისორ მიშა ჩარკვიანის  „ჰეკაბეც“, შეიძლება არც მისთვის მიუნიჭებიათ პოლიტიკურის სტატუსი. მაგრამ იგი ეხმაურება  ყველაზე მძიმე მითს, რომელმაც განმსჭვალა ქართული პოლიტიკური ცხოვრება და რეალობად აქცია 21-ე საუკუნის საქართველოში. ჰეკაბეს ისტორია ბავშვების, შვილების მკვლელობის ამბავია, მითი, სადაც მამები/დედები კლავენ შვილებს და  შვილების მსხვერპლშეწირვა უფროსი თაობის დაუსრულებელი აქტი ხდება. დღევანდელ საქართველოში ეს გამოიხატება მრავალნაირი ფორმით: წარსულში დაბრუნებით, გუშინდელი დღის მომავლად გასაღებით, ყველა მაცოცხლებელი ღირებულებისა და ინსტიტუციის მოშლით. ან პირდაპირი მნიშვნელობით მკვლელობით, სადაც ჯალათებად პატრიარქატის სასტიკი კანონები, დანაშაულის დაფარვის მავნე მეთოდები, დაუსჯელობა, უსამართლობა გვევლინება. იგი ბავშვებს შიმშილისთვის,თვალების დათხრისთვის მათი ცოცხლად მიწაში ჩამარხვის ან შრომითი უსაფრთხოების დაუცველობის გამო მშენებლობიდან ვარდნისთვის იმეტებს.

არაიშვიათად ბავშვების ხოცვაზე ლეგიტიმაციას სწორედ სახელმწიფო იძლევა მისი გულგრილობით და  მავნე კანონებით.

„ჰეკაბე“ მხილებაში ისეთივე დაუნდობელია, როგორც სინამდვილე თავის უსამართლობაში. 

„ჰეკაბე“ ესაა ტრაგედია ზედიზირებით.

სპექტაკლი, რომელიც თეატრის ფარგლებს ტოვებს.

თეატრიდან - რეალობაში, სცენიდან - ქუჩაში გამოდის მესხიშვილის თეატრის მსახიობთა ერთი ნაწილიც.

ახლადშექმნილმა ახალგაზრდულმა დასმა, რომელიც თავს „ცისფერყანწელთა თეატრს“ უწოდებს და მათი იდეალების გამგრძელებლებად მიიჩნევს, პროექტი „ჩემი კონსტიტუცია“ წარმოადგინა სლოგანით - „ისწავლე თავისუფლება“. თავისუფლება, რომელიც ცოდნითაც მოდის, მათ შორის საკუთარი სახელმწიფოს კონსტიტუციის ცოდნით.


ახალგაზრდების პერფორმანსი მესხიშვილის თეატრის წინ საქართველოს კონსტიტუციის წაკითხვას გულისხმობდა, მათ გააგონეს და გაახსენეს ხალხს ადამიანის ძირითადი უფლებები და მთავარი კანონები. იგი მნიშვნელოვანი და საჭირო აქტი გახდა. რადგან როგორც აღმოჩნდა ქუთაისის საკრებულოს რიგ დეპუტატს მათზე წარმოდგენა არა აქვს. ამიტომ შეუძლია სიძულვილის ენის გამოყენებით იქილიკოს ადამიანის სიცოცხლის ჯანმრთელობის, თავისუფალი შეკრების,გაპროტესტების, მითუმეტეს ოკუპაციის გაპროტესტების, ფუნდამენტურ უფლებებზე.

სპექტაკლებიდან  ამ სეზონზე ბევრი საჭირო მესიჯი, მათ შორის პოლიტიკური მესიჯი წამოვიდა. შესაძლებელია სპექტაკლების ზოგიერთ ავტორს არც უფიქრია ამ მესიჯებზე, მაგრამ ტექსტი ზოგჯერ აღემატება თავის ავტორს  და იმაზე ადეკვატური და შორსმიმავალია, ვიდრე მისი შემქმნელები წარმოიდგენდნენ.



ფოტო: მათე დვალიშვილი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.