კაფე "სავანეს " მეპატრონეებმა სააპელაციო სასამართლოსთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს (ვიდეო)
14:43 / 16.07.2019
კაფე "სავანეს " მეპატრონეებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან
სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს.
ობიექტის მფლობელებმა ამ ფორმით სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
"მათ დღეს მოკლეს სამართალი. სასამართლომ შექმნა პრეცედენტი, რომ არც
ერთი ადამიანის საკუთრების უფლება არ არის დაცული. ეს გვირგვინი დღეს
სიმბოლურად მოვიტანეთ და ვამბობთ, რომ ქვეყანაში სამართლი დასამარდა.
დადგება დრო და ამ გადაწყვეტილების გამო ყველა მოსამართლეს
სამართლიანი პასუხი მოეთხოვება", - განაცხადა კაფის ერთ-ერთმა
მეპატრონემ, გიორგი ტურაბელიძემ.
მანდატურებმა კაფის მეპატრონეებს გვირგვინის სასამართლოს შენობაში
შეტანის უფლება არ მისცეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კაფე "სავანესა" და ქუთაისის
მერიის დავაზე გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა.
კოლეგიამ ობიექტის მფლობელებს შენობის ქვეშ არსებულ მიწის ნაკვეთზე
საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი უთხრა.
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროცესებზე ქუთაისის მერიის
წარმომადგენლის პოზიცია და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის
გადაწყვეტილება. კოლეგიის თავმჯდომარემ, ხათუნა ხომერიკმა განაცხადა,
რომ "სავანეს " აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების
პერსპექტივაც კი არ აქვს, რადგან მიწა სკვერის ტერიტორიაზე
მდებარეობს, რომელიც მუნიციპალური საკუთრებაა და ამავდროულად
განუსხვისებელი ქონება.
სასამართლოს გადაწყვეტილებას არაობიექტურად და მიკერძოებულად
აფასებენ "სავანეს" მფლობელები.
საქმე ეხება, ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფეს, რომელიც შპს
„ნიკოლომ“ 1995 წელს შეიძინა. კაფის მფლობელები ამბობენ, რომ
შენობასთან ერთად მათ მიწის ნაკვეთიც შეისყიდეს, თუმცა, მიწაზე
საკუთრების უფლების აღიარებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ქუთაისის მერია
კი ამბობს, რომ ბულვარის ტერიტორია, რომელიც მუნიციპალიტეტის
საკუთრებაშია, სკვერს წარმოადგენს. სკვერის გასხვისება კი კანონით
აკრძალულია. შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთი „სავანესი“ ვერასდროს
იქნებოდა. გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით „ნიკოლოს“ მის მიერ
შეძენილი ბამბუკის მსუბუქი კონსტრუქცია ტერიტორიიდან უნდა გაეტანა.
მერიის პოზიციას არ ეთანხმება "სავანე". კაფის მეპატრონეები ამბობენ,
რომ მერია დოკუმენტების გაყალბებით ცდილობს მათთვის ქონების
წართმევას.
ქუთაისის მერიისა და
"სავანეს" დავაზე უფრო მეტი ნახეთ აქ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები