ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კაფე "სავანეს ",
ობიექტის ქვეშ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების
აღიარებაზე უარი უთხრა.
სასამართლო აღიარებს კაფის შენობაზე მესაკუთრის უფლებას, თუმცა,
მიიჩნევს, რომ მიწა "სავანესი" ვერ იქნება. გადაწყვეტილება კოლეგიამ
დღეს გამოაცხადა.
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროცესებზე ქუთაისის მერიის
წარმომადგენლის პოზიცია და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის
გადაწყვეტილება. კოლეგიის თავმჯდომარემ, ხათუნა ხომერიკმა განაცხადა,
რომ "სავანეს " აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების
პერსპექტივაც კი არ აქვს, რადგან მიწა სკვერის ტერიტორიაზე
მდებარეობს, რომელიც მუნიციპალური საკუთრებაა და ამავდროულად
განუსხვისებელი ქონება. გადაწყვეტილებას არაობიექტურად აფასებს
"სავანეს " ადვოკატი, ნინო მეფარიშვილი. მისი თქმით, სასამართლომ არც
კი იმსჯელა გაყალბებულ აზომვით ნახაზზე, რომელზეც მერიამ კაფის შენობა
არ დაიტანა.
"სასამართლოს მართავს კლანი და ეს დადასტურდა დღეს. იმედის ის ერთი
პროცენტიც, რაც არსებობდა, რომ სასამართლო იქნებოდა ობიექტური, დღეს
საბოლოოდ გაქარწყლდა. საერთოდ არ უმსჯელია სასამართლოს საკადასტრო
ნახაზზე და გვერდი აუარა როგორც ჩვევია. ეს არის უსამართლო და
არაობიექტური გადაწყვეტილება, რომელსაც აუცილებლად გავასაჩივრებთ
როგორც უზენაესში, ასევე სტრასბურგში", - განაცხადა ნინო
მეფარიშვილმა.
"დღეს დასამარდა ქართული სასამართლო. ამ გადაწყვეტილებით თავზე
გადაგვახიეს ყველა კანონი. ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ ჩვენი
საკუთრება, იქ სადაც ვცხოვრობთ, არ იქნება დაცული. მერია არ
გვიტოვებს სხვა გზას, გარდა იმისა, რომ უფრო შემართებით ვიბრძოლოთ და
მალე დავასრულოთ ეს ხელისუფლება", - განაცხადა კაფე "სავანეს " ერთ
-ერთმა მეპატრონემ, გიორგი ტურაბელიძემ.
გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დაესწრო ქუთაისის მერიის
წარმომადგენლი, რაც კაფის მეპატრონეების თქმით, კიდევ უფრო ამძაფრებს
ეჭვს, რომ გადაწყვეტილება წინასწარ იყო შეთანხმებული.
საქმე ეხება, ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფეს, რომელიც შპს
„ნიკოლომ“ 1995 წელს შეიძინა. კაფის მფლობელები ამბობენ, რომ
შენობასთან ერთად მათ მიწის ნაკვეთიც შეისყიდეს, თუმცა, მიწაზე
საკუთრების უფლების აღიარებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ქუთაისის მერია
კი ამბობს, რომ ბულვარის ტერიტორია, რომელიც მუნიციპალიტეტის
საკუთრებაშია, სკვერს წარმოადგენს. სკვერის გასხვისება კი კანონით
აკრძალულია. შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთი „სავანესი“ ვერასდროს
იქნებოდა. გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით „ნიკოლოს“ მის მიერ
შეძენილი ბამბუკის მსუბუქი კონსტრუქცია ტერიტორიიდან უნდა გაეტანა.
მერიის პოზიციას არ ეთანხმება "სავანე". კაფის მეპატრონეები ამბობენ,
რომ მერია დოკუმენტების გაყალბებით ცდილობს მათთვის ქონების
წართმევას.
ქუთაისის მერიისა და "სავანეს" დავაზე უფრო მეტი
ნახეთ აქ.
მასალის გამოყენების პირობები