ახალი ამბები
საჯარო პირების დაუსჯელი სიძულვილის ენა
FaceBook

„ზოგს თვალში მოხვდება, ზოგს ტ...ში“ –  ამ ფრაზის ავტორი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ნუგზარ ხუციბერიძე,   იმ საჯარო მოხელეებს შორის, რომლებიც სოციალური  ქსელის საშუალებით მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებენ, ერთადერთია, ვინც სიძულვილი ენის ტირაჟირების გამო პასუხი აგო.

ამ ფორმით მერიის ჩინოვნიკი 20 ივნისის აქციის დაშლის დროს დაშავებულ აქტივისტებზე საუბრობდა.


ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ,  სადაც აღწერილი იყო მისი  შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი დამოკიდებულება აქციის მონაწილეების მიმართ, ხუციბერიძეს თანამდებობა დაატოვებინეს.


თუმცა, მერიამ მის მიერ დაქირავებული საჯარო მოხელე საზოგადოების მხრიდან მოსალოდნელი რეაქციის შიშით  უფრო დასაჯა, ვიდრე თანამდებობისთვის შეუფერებელი ქცევის გამო.  ხუციბერიძის ეს პოსტი მოქალაქეების შეურაცხყოფის ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა.   ქალაქის მერი, გიორგი ჭიღვარია ახალი არჩეული იყო, როცა ხუციბერიძემ ფეისბუქის გვერდზე ასეთი ფრაზა დაწერა: „ვისაც არ გიყვართ გიორგი ჭიღვარია მ...თ დედები" .   საჯარო მოხელისთვის მაშინ  პასუხი არავის მოუთხოვია.


ამჯერად, კი მერიის შიშებს  წინ უძღოდა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, ნანა კოსტავას წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო ტალღა.


საკრებულოს არჩეულმა წევრმა, ლაგოდეხის ნაკრძალში  ტრაგიკულად დაღუპული  16 წლის გოგონას დას, ბლოგერ სალომე ბარკერს სოციალურ ქსელში  სიძულვილის ენით მიმართა. გოგონას გარდაცვალების შემდეგ ნანა კოსტავამ პირად გვერდზე სალომე ბარკერის მიერ ერთი წლის წინ გადაღებული  ვიდეო გააზიარა, სადაც ბლოგერი თითზე გაკეთებლი პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს. დეპუტატმა ვიდეოსთან ერთად დაწერა: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“.


დეპუტატის ამ ქმედებას საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. სამოქალაქო აქტივისტები მისი წასვლის მოთხოვნით მერიის წინ  პერმამენტულ აქციებს მართავდნენ.


ნანა კოსტავამ ვიდეო წარწერით  ფეისბუქის პირად გვერდზე 28 მაისს გამოაქვეყნა, თუმცა, ამ შემთხვევაშიც  მომხდარზე რეაგირება მას შემდეგ მოხდა, რაც პოსტი მედიამ გაასაჯაროვა. კოსტავას პოსტის გამოქვეყნებიდან მხოლოდ სამი დღის შემდეგ დაატოვებინეს  ფრაქცია „ქართული ოცნება–კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა  და გენდერული საბჭო.  ამის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა ლატარიამ  განაცხადა, რომ კოლეგის წინააღმდეგ ყველა ბერკეტი გამოყენებული იყო და ნანა კოსტავა თავად გადაწყვეტდა დატოვებდა თუ არა დეპუტატის მანდატს.



კოსტავამ კი გადაწყვიტა, რომ საკრებულოს წევრის სტატუსზე უარი არ თქვას.  მას ამ დრომდე არ ესმის საზოგადოების ხმა და მანდატზე პრინციპულად არ ამბობს უარს.  მისი  ბოლო კომენტარი ამ საკითხზე იმის ახსნას შეეხებოდა, რომ მას  ამომრჩევლებმა ურჩიეს არ წასულიყო.


ვინ არიან ნანა კოსტავას ამომრჩევლები, რომლებიც მის მიერ დეპუტატის სტატუსით სიძულვილის ენის ტირაჟირებას ამართლებენ, უცნობია. სამაგიეროდ, მისი წასვლის მოთხოვნით დაწყებული აქციების დღეებში გაირკვა, რომ მან  „ქართულ ოცნებას“  ბევრი ხმა მოუტანა, რის გამოც მისი ბოლომდე „გაწირვა“ არ შეიძლებოდა.



მმართველი პარტიის წინაშე ნანა კოსტავას  განსაკუთრებული დამსახურება თანაგუნდელებს საკრებულოს დეპუტატმა, ალეკო ახალაძემ შეახსენა, რომელმაც მედიასთან ღიად თქვა, რომ მისი საარჩევნო სიაში ჩასმა გამართლებული იყო და მან  პარტიას ხმები შემატა.  ალეკო ახალაძის მიერ კოსტავასთვის გამოჩენილი მხარდაჭერა მიუღებელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, თუმცა, მალვე მან სამოქალაქო აქტივისტებს მორიგი საპროტესტო ტალღის  მიზეზი მისცა.


12 ივლისს, ალეკო ახლაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პერმამენტულ აქციებს გამოეხმაურა და განაცხდა, რომ პროტესტის სიმბოლო–თვალზე  აფარებული ხელი,  მას ტკივილს, ცისფერებს და გახარიას  გმირობას ახსენებს.


ნანა კოსტავასგან განსხვავებით, ალეკო ახალაძეს  ამის გამო ბოდიშიც კი არ მოუხდია. საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად,    დეპუტატის დისკიმინაციულ და შეურაცხმყოფელ პოსტზე რეაგირება არ მოუხდენია საკრებულოს.


თუ წარმომადგენლობით ორგანოს დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის  ბერკეტი არ აქვს, მუნიციპალიტეტის მერს სრული უფლება აქვს მის მიერ დანიშნული წარმომადგენელი გაათავისუფლოს, რაც ამ დრომდე არ გაუკეთებია სამტრედიის მერს, ვალერიან ფოცხვერიას.


სოფელ მელაურის რწმუნებული, სოფიკო კიკაჩეიშვილი, რომელმაც რუსთაველის აქციების მონაწილეებს ერთუჯრედიანები უწოდა, პოსტს დღემდე ინარჩუნებს.


„ყველა ერთუჯრედიანი და უპატრონო დგას რუსთაველზე“– წერდა სოფიკო კიკაჩეიშვილი ფეისბუქის პირად გევრდზე.


მომხდარზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს არც თავად პოსტის ავტორი და არც მუნიციპალიტეტის მერი. ვალერიან ფოცხვერიას  საჭიროდაც არ მიაჩნია რეაგირება და ამბობს, რომ სოფიკო კიკაჩეიშვილი დაკისრებულ მოვალეობას თავს  კარგად ართმევს, სხვის ფეისბუქში და ლოგინში კი არ იყურება.





საჯარო მოხელეს ეთიკურ ქცევას კანონი პირდაპირ ავალდებულებს. „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების  შესახებ“ დადგენილების მე–11 მუხლში წერია:


„საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს საჯაროდ სიძულვილის ენის გამოყენების ან/და დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარის გაკეთებისგან, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელება.“


არჩეული დეპუტატის შემთხვევაში  კი ასეთი რეგულაცია არ არსებობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.