ქუთაისში, "თიბისი" ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბანკის
თანამშრომლები ავტომანქანებს აპარკინგებენ, ორი ნაძვი მოჭრეს.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ხეები განზრახ გაახმეს, რადგან ბანკის წინ
პარკირების ადგილი გაფრთოებულიყო.
როგორც ირკვევა, "თიბისი" ბანკმა ქუთაისის მერიას ხეების
დაზიანების შესახებ აცნობა, რის შემდეგაც მერიის შესაბამისმა
სამსახურმა ხეები მოჭრა.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ხეები დაზიანებული იყო და
უსაფრთხოების მიზნით მათი მოჭრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
"მერიას მომართა "თიბისი" ბანკმა, რომ ორივე ხე იყო გამხმარი.
კეთილმოწყობის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაავალა ააიპ
"სპეცსერვისებს". ააიპის თანამშრომლებმა ადგილზე შეისწავლეს ხეების
მდგომარეობა. ორივე აღმოჩნდა გამხმარი და უსაფრთხოების მიზნით მიიღეს
მათი მოჭრის გადაწყვეტილება", - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
მერიის ინფრომაციით, "თიბისი" ბანკის წინ პარკირების ადგილი
მუნიციპალური საკუთრებაა.
"თიბისი" ბანკში აცხადებენ, რომ პარკირების ადგილი მხოლოდ
ბანკის თანამშრომლებისთვის არ არის და იქ ადგილის დაკავება
მომხმარებელსაც შეუძლია. რაც შეეხება იმას, მოხდა თუ არა ხეების
მიზანმიმართულად მოჭრა, როგორც ბანკის ლოჯისტიკის სამსახურის
უფროსის მოადგილემ, კონსტანტინე ბურდილაძემ ქუთაისიპოსტთან საუბარში
განაცხადა, მომხდარს შეისწვალიან და საკითხზე
პოზიციას ორშაბათს, 15 ივლისს დააფიქსირებენ.
მასალის გამოყენების პირობები