29-30 ივნისს, ქუთაისსა და თბილისში ორდღიანი საქველმოქმედო
ღონისძიებები გაიმართება, რომლის მიზანი ლეიკემიით დაავადებული
მოზარდების დახმარებაა.
26 ივნისს, ქუთაისის ‘არესის’ მორაგბის, საბა მაღლაფერიძის დაბადების
დღეა, რომელიც ლეიკემიით გარდაიცვალა და მისი ბოლო სიტყვები იყო -
„ბიჭებს უთხარით, რომ საბამ ბოლომდე იბრძოლა...“ - სწორედ საბას
ბრძოლის გაგრძელებაა ეს ორდღიანი ღონისძიება.
მისი პირველი, სპორტული ნაწილი, 29 ივნისს საბას მშობლიურ ქალაქ
ქუთაისში ჩატარდება და „აია არენაზე“ 2006-2007 წლებში დაბადებულ
მორაგბეებს შორის „საბას თასი“ გათამაშდება.
საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, ტურნირი, რომელიც
ტრადიციული გახდება, 11 საათზე დაიწყება და მასში 8 გუნდი მიიღებს
მონაწილეობას. პარალელურად, ქუთაისში დაიდგმება სპეციალური, შესაწირი
ყუთები და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარების შესაძლებლობა
ყველა მსურველს ექნება.
მეორე დღეს, 30 ივნისს თბილისში, ლისის ტბაზე გაიმართება სარაგბო
ეკიპირების გამოფენა-გაყიდვა, ასევე „ჩემპიონთა აკადემიის“
აბონიმენტებისა და ეკიპირების გაყიდვა. იქვე გაიყიდება ვაკის
ხორცპროდუქტების ჰოთ-დოგები და გამაგრილებელი სასმელები.
ორი დღის ჯამში, ქუთაისსა და თბილისში შეგროვილი თანხა, სრულად
გადაეცემა „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს.
მასალის გამოყენების პირობები