რუსეთის მხრიდან საქართველოში ფრენების აკრძალვის თაობაზე გაკეთებული განცხადების მიუხედავად, ქუთაისში, საოჯახო სასტუმროების ნაწილისთვის სურათი უცვლელია.
განვითარებული მოვლენების შემდეგ, ტურისტების რაოდენობა შემცირდა საოჯახო ტიპის სასტუმრო “ბრაზერში”. მენეჯერი მაია ფართელაძე ამბობს, რომ 22 ივნისს რუსმა მომხმარებლებმა ოთხი ჯავშანი გააუქმეს, თუმცა მისივე თქმით, შემდგომ დღეებში რუსებმა სასტუმროში ადგილი კვლავ დაარეზერვეს. ანალოგიური მოხდა საოჯახო სასტუმრო “რიონშიც”.
“სანამ დაჯავშნიდნენ დამირეკეს და მითხრეს, რა სიტუაციაა იყო, ღირს თუ არა ჩვენი ჩამოსვლაო. მე ავუხსენი, რომ უბრალო მოქალაქეებს არავინ ერჩის,” - ამბობს საოჯახო სასატუმრო “რიონის” ხელმძღვანელი გოჩა კვეტენაძე.
“ბოლო ორი წელი რუსები იყვნენ ჩვენი მომხმარებლები და ეს სიტუაცია აისახა, რა თქმა უნდა, მაგრამ “სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი”, - ამბობს “ბრაზერის” მენეჯერი მაია ფართელაძე.
21 ივნისს, ციმბირიდან ჰყავდათ სტუმარი საოჯახო სასტუმრო “სასახლეში”, მაშინ როცა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, ფართომასშტაბიანი აქციები მიმდინარეობდა. სასტუმროს მეპატრონის, იზა დიაკვნიშვილის თქმით, ტურისტი მასთან ამბობდა, რომ არც მას მოსწონდა პუტინი და მისი მეგობრები საქართველოში ვიზიტს კვლავ გეგმავენ.
“მართალია, საღამოს ცოტა ეშინოდა გარეთ გასეირნების აქციების გამო, თუმცა საბოლოოდ კმაყოფილი წავიდა. 12-14 ივლისს ისევ ველოდები რუს ტურისტებს”, - ამბობს იზა დიაკვნიშვილი.
სასტუმრო “მყუდროში” ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, არ არიან მხოლოდ რუს ტურისტებზე დამოკიდებული, შემნილმა მდგომარეობამ მათ ბიზნესზე მაინც უარყოფითად იმოქმედა.
“ჩვენ დავზარალდით და დაზარალდება ბევრი სხვა კიდევ. პოლიტიკა პოლიტიკაა და ამან უბრალო მოქალაქეებზე არ უნდა იმოქმედოს უარყოფითად”, - ამბობს სასტუმრო “მყუდროში”.
განსხვავებული პროგნოზი აქვთ სასტუმრო “სოლომონში”, რომლის ხელმძღვანელი, მერაბ გოგონაძე ამბობს, რომ გარკვეული რაოდენობა მომხმარებლების შემცირდა, თუმცა ეს არის უმნიშვნელო, რადგან მათი ძირითადი მომხმარებლები რუსი ტურისტები არ არიან. ანალოგიური ვითარებაა სასტუმრო “რიოალშიც”. სასტუმროში აღნიშნავენ, რომ ძირითადად, ევროპელებზე არიან ორიენტირებულნი და შექმნილი ვითარება მათზე არ იმოქმედებს.
“ორი ჯავშანი გვაქვს რუსეთიდან ივლისში, ჯერ არ გაუუქმებიათ და აწი რას იზამენ არ ვიცი, თუ გააუქმებენ და არც ეს იქნება პრობლემა. აბა, ისაა უკეთესი თვალები რომ დათხარეს ახალგაზრდებს?”, - ამბობენ სასტუმრო “როიალში”.
“მოკლევადიან პერსპექტივაში ეს პროცესი ცუდად იმოქმედებს ბიზნესზე, გრძელვადიანში კი კარგად ”, - ამბობს სასტუმრო “სოლომონის” ხელმძღვანელი მერაბ გოგონაზე, რომლის აზრით, შექმნილმა ვითარებამ, შესაძლოა, ქვეყანას უფრო მეტად გაუხსნას კარი ევრიპისკენ.
მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ქუთაისში, სწორედ ევროპიდან არის ყველაზე მეტი შემომსვლელი.
ქუთაისის ტურიზმის ცენტრის სტატისტიკური ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით ქალაქს 5 545 ვიზიტორი ესტუმრა, აქედან ყველაზე მეტი პოლონეთიდან შემოვიდა (1439), შემდეგ მოდის გერმანია (1086). რუსეთი 476 ვიზიტორით მესამე ადგილს იკავებს, მას მოსდევს გაერთიანებული სამეფო (443 ვიზიტორი) და ლატვია (294).
რაც შეეხება ქვედყნის მასშტაბით მონაცემებს, 2019 წლის I კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა საქართველოში 1,617,548 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 2.2%-ით მეტია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, თითო ვიზიტზე ყველაზე მაღალი დანახარჯი სხვა ქვეყნის (მათ შორის გაერთიანებული არაბეთის ემირატები) მოქალაქეებს აქვთ (2,286.4 ლარი). მას მოსდევს დასავლეთ ევროპა (1,621.8 ლარი), შემდეგ ადგილზეა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა (1,407 ლარი) და რუსეთი (1,135 ლარი). მაგრამ ქვეყანამ ყველაზე მეტი შემოსავალი ტურიზმის სფეროში მიიღო რუსეთიდან, ვინაიდან ამ ქვეყნიდან საქართველოში 2019 წლის მაისში ყველაზე მეტი ვიზიტორი (172,217) შემოვიდა.
შემდეგ ადგილზეა აზერბაიჯანი, საიდანაც ქვეყანამ 105,962 ვიზიტორი მიიღო, მას მოსდევს სომხეთი და თურქეთი.
ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეების პროესტი მეხუთე დღეა
მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტის მიზეზი საქართველოს პარლამენტში
რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლური
ასამბლეის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება და
სესიის რუსულ ენაზე წაყვანა გახდა.
პროტესტის ტალღამ თითქმის ყველა ქალაქი მოიცვა. 20 ივნისს რუსთაველის
გამზირზე აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, თუმცა,
სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციის
მონაწილეების მიმართ გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები და
ცრემლსადენი გაზი.
საპასუხოდ ვლადიმერ პუტინმა 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით
ფრენები აკრძალა და საგარეო საქმეთა სამინიტროს მოუწოდა რუსეთის
მოქალაქეების საქართველოდან დაბრუნება უზრუნველყოს.
ამავე
თემაზე:
ქუთაისში ყველაზე მეტი ტურისტი ევროპიდან
არის
მასალის გამოყენების პირობები